ქალბატონო ფოტიგა, რასა, ბატონო კუბილიუს, ის, ვინც თქვენ მედიადევნილად გამოგვიცხადეთ, თურმე თქვენსავე პენსიონრებს ძარცვავს, რაც თქვენმა პარტნიორმა ბრიტანელებმა დაადასტურეს. მაინტერესებს, შეცდომაში იყავით შეყვანილი, თუ თქვენც ლობისტური სქემის მონაწილე ხართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისივე თქმით, შეუძლებელია, ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი დემოკრატიისა მხარდამჭერი იყოს.
„ხედავთ, რა სამარცხვინოები გახდით. ქართული ჯარისა და ევროპელი პენსიონრების მძარცველი კეზერაშვილი შეუძლებელია, დემოკრატიისა და ქართველი ერის მხარდამჭერი იყოს. შეუძლებელია, რეჟიმის შემოქმედი ადეიშვილი, მერაბიშვილი და სააკაშვილი ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე იყვნენ. მათ რაც არ უნდა ფული დახარჯონ ამ ფასიან ლობისტებში, ევროპაში იქნება თუ ოკეანის მიღმა, ქართველ ხალხს ვერ მოატყუებთ. მაინტერესებს, 570 ევროპარლამენტარი, რომლებიც შეცდომაში შეიყვანეს, რეზოლუციას უკან წაიღებენ თუ რეზოლუციას შეცვლიან. ახლა ხომ მიხვდნენ, რა სამარცხვინო აქტზე მოაწერინეს ხელი. ეს არის კეზერაშვილი, ვინც ქართველებს პოლიტდევნილად გამოგვიცხადეთ. თქვენს ამომრჩევლებს, მათ შორის იმ პენსიონრებს, რომლებსაც კეზერაშვილი ძარცვავს, ახლა თვალებში ჩახედეთ და აუხსენით, რომ მაინც პოლიტდევნილი და მედიადევნილია კეზერაშვილიო. ალბათ არ გაგიჭირდებათ, კუბილიუსს და ფოტიგას არ გაუჭირდებათ“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.
„ბიბისი“ აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.