კიშინიოვის სასამართლომ ოპოზიციური პარტია „შორის“ ლიდერს, ილან შორს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

კიშინიოვის სასამართლომ  პარტია „შორის“ ლიდერს,  ილან შორს დაუსწრებლად 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს.

„ილან შორი ციხეში 15 წელს გაატარებს მილიარდი ევროს მოპარვისთვის და მისი ქონების კონფისკაცია მოხდება. ასე გადაწყვიტა სააპელაციო პალატამ“, – დაწერა მაია სანდუმ.

მოლდოვის დედაქალაქის სააპელაციო პალატის ცნობით, 15-წლიან პატიმრობასთან ერთად, მსჯავრდადებულმა უნდა დააბრუნოს 299 მილიონი დოლარი.

თავად ილან შორი გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის შურისძიება ქვეყანაში მისი პარტიის მიერ ორგანიზებული საპროტესტო გამოსვლებისთვის.

„დღევანდელი გადაწყვეტილება არის ხელისუფლების შურისძიება საპროტესტო მოძრაობისთვის, იმისთვის, რომ მე და ჩემი გუნდი ვიბრძვით მოქალაქეების ღირსეული ცხოვრებისთვის. მე ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად არ მაგდებს უხერხულ მდგომარეობაში, ის ჩემთვის არაფერს ნიშნავს. არ ვაპირებ, დავემორჩილო მას, ეს გადაწყვეტილება გაუქმდება მოქმედი რეჟიმის შეცვლიდან მეორე დღესვე“, – დაწერა შორმა „ტელეგრამ-არხში“.

ილან შორი 2015 წელს მოლდოვის საბანკო სისტემიდან ერთი მილიარდი დოლარის გატანის სკანდალის ერთ-ერთი ფიგურანტია. 2019 წლის ივნისში შორიმ მოლდოვა დატოვა და ამჟამად ისრაელში ცხოვრობს. 2022 წლის შემოდგომიდან ილან შორის პარტია მოლდოვაში ანტისამთავრობო საპროტესტო გამოსვლებს მართავს.