„ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები,“ – ამის შესახებ G&T-ის კვლევაშია აღნიშნული. მათი ცნობით, 2020 წლის მე-2 კვარტალში გაყიდული ბინების მახასიათებლები თითქმის უცვლელია.
კერძოდ, ახალი ბინების სეგმენტში ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 კვ.მ.), რომელთა წილმა საანგარიშო პერიოდში მთლიანი გაყიდვების 49% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ მცირე ზომის ბინების (18-50 კვ.მ. ) წილი 32%-მდე გაიზარდა.
ძველი ბინების კატეგორიაში ასევე ყველაზე გაყიდვადია საშუალო ზომის ბინები (51-80 კვ. მ.). აღსანიშნავია, რომ დიდი ზომის ბინებზე (81-150 კვ.მ.) მოთხოვნა ნელ-ნელა მცირდება.
„დაბალფასიანი სეგმენტი კვლავ ყველაზე მოთხოვნადია – დასტური იმისა, რომ უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნას დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე მოსახლეობა განაპირობებს. გაყიდვების 56% დაბალფასიან სეგმენტში დაფიქსირდა მაშინ, როცა პრემიუმ სეგმენტში გაყიდვებმა ჯამური გაყიდვების 11% შეადგინა.
მოთხოვნა საშუალო ზომის ბინებზე (51-80 კვ.მ. თბილისის ყველა უბანში მაღალი იყო, გარდა გარეუბნებისა (სამგორი, გლდანი და ისანი), სადაც მოთხოვნა უფრო მცირე ზომის ბინებზეა (18-50 კვ.მ.),“-აღნიშნულია კვლევაში.
ამასთან, კვლევის ავტორთა ცნობით, ივნისში თბილისში უძრავი ქონების რეალიზაცია დაახლოებით 21%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ 2019 წლის ივნისში დედაქალაქში 2 776 ბინა გაიყიდა, წელს ამ მაჩენებელმა 2 194 ერთეული შეადგინა.
რაც შეეხება უბნების მიხედვით უძრავი ქონების ღირებულებას, კვლევის მიხედვით, 5 უბანი, სადაც ბინები (1 კვ.მ.-ზე) ყველაზე ძვირი ღირს, ასე გამოიყურება:
მთაწმინდა – 1,346 აშშ დოლარამდე;
ვაკე – 896 აშშ დოლარამდე;
კრწანისი – 844 აშშ დოლარამდე;
საბურთალო – 790 აშშ დოლარამდე;
ჩუღურეთი – 673 აშშ დოლარამდე.
“BPN”