ივანე ჩხაიძე: 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის ეკრანთან ურთიერთობა კატეგორიულად აკრძალულია!

მიუხედავად იმისა, რომ ახალი კორონავირუსით ბავშვები ნაკლებად ინფიცირდებიან და მათ უმრავლესობას დაავადება მსუბუქად ან თითქმის უსიმპტომოდ გადააქვს, კარანტინისა და შეზღუდვების დაწესებამ მოზარდების ფსიქიკასა და ჯანმრთელობაზე გარკვეული ნეგატიური გავლენა მაინც მოახდინა.

კონკრეტულად, რა პრობლემები შეექმნა ჩვენი შვილების ჯანმრთელობას კარანტინის პერიოდში და როგორ უნდა მოვიქცეთ დღეისათვის? მშობლებისათვის ამ და სხვა მეტად მნიშვნელოვან საკითხებზე იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება.

– ბატონო ივანე, რა ტიპის ზიანი შეიძლება მოეტანა ჩვენი შვილებისათვის სამთვიანი თვითიზოლაციისა და კარანტინის პერიოდს?

– ამ სამი თვის მანძილზე მკვეთრად შეიზღუდა პატარების ფიზიკური აქტივობა. ნეგატიური ზეგავლენა მრავალმხრივია: ფსიქოლოგიური სტრესი, ქცევის ცვლილებები, მხედველობის პრობლემები, ასევე ფიზიკური აქტიურობის მკვეთრი შეზღუდვისა და კვების წესის ცვლილებით განპირობებული წონის მატება. დღეისათვის მშობლების უპირველესი ვალია, მაქსიმალურად სწრაფად დავუბრუნოთ ჩვენი შვილების ჯანმრთელობა კარანტინამდელ მდგომარეობას, ვიზრუნოთ წონის შემცირებაზე (თუ კარანტინის პერიოდში მისი მატება აღინიშნა) სწორი კვებითა და ფიზიკური დატვირთვის გაზრდით.

– როგორი უნდა იყოს კარანტინის შემდგომ ჩვენი შვილების კვების რაციონი?

– კვების რაციონი მაქსიმალურად უნდა შეესაბამებოდეს ე.წ. კვების პირამიდას, რომლის მიხედვითაც პროდუქტები იყოფა ექვს ძირითად ჯგუფად და ყველაზე მნიშვნელოვანი და ყოველდღიურად მისაღები პროდუქტები პირამიდის ფუძეზეა: პური, მაკარონის ნაწარმი, ბრინჯი, წიწიბურა, შვრია, ფეტვი, ქერი; ასევე ბოსტნეული და ხილი; ხორცი, ფრინველი, თევზი, პარკოსნები, კვერცხი, ნიგოზი, თხილი; რძის პროდუქტები — რძე, კეფირი, იოგურტი, ხაჭო, ყველი. პირამიდის მწვერვალზეა პროდუქტები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით უნდა მიიღონ: ცხოველური (ნაჯერი) ცხიმები (კარაქი, მარგარინი და სხვ.) და ტკბილეული, გაზიანი სასმელები. სწორი კვება თქვენი შვილების ჯანმრთელობის გარანტიას წარმოადგენს!

– სამწუხაროდ, ჩვენს ისედაც გაჭირვებულ მოსახლეობას პანდემიისა და კარანტინის ფონზე უარესად გაუჭირდა… შესაბამისად, მშობლები ვერ ახერხებენ შვილების სრულფასოვნად გამოკვებას…

– რამდენიმე წლის წინათ გამოქვეყნებული მონაცემებით, რომლებიც „იუნისეფის“ კვლევებს ეყრდნობოდა, საქართველოში 77 ათასი ბავშვი ცხოვრობდა უკიდურეს სიღარიბეში და ვერ იკვებებოდა სრულფასოვნად, ხოლო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2019 წლის მონაცემებით, 1 წლამდე ასაკის 1000 ცოცხალშობილზე გარდაცვალების მაჩვენებელმა 8.1 შეადგინა, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე მცირეა, თუმცა, ჯერ კიდევ მაღალია ევროპის ქვეყნებთან შედარებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი ვისაუბროთ პრევენციასა და ვაქცინაციაზე, უნდა მივეჩვიოთ, რომ წესები და რეკომენდაციები დავიცვათ არა მხოლოდ ჯარიმების შიშით, არამედ შეგნებულად. რეალურად, დღეისათვის ქვეყანაში არსებული შეზღუდვები ჩვენ სხვადასხვა რესპირაციული და ნაწლავური ინფექციებისგანაც გვიცავს.

– ერთ-ერთ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადეთ, რომ მოსალოდნელი საფრთხე კარანტინის პერიოდში D ვიტამინის ნაკლებობა იყო. როგორ მოიქცნენ მშობლები, არ გაიყვანონ ბავშვები სასეირნოდ სკვერებსა და რეკრეაციულ ზონებში?

– პირიქით, სუფთა ჰაერზე სეირნობა და მზის სხივებთან შეხება ძალიან მნიშვნელოვანია! უბრალოდ, საჭიროა წესების დაცვა და ხელების ხშირი დამუშავება. ასეთი ხალხმრავლობა, რომელიც ბოლო პერიოდში შეინიშნება, პირველ რიგში, კორონავირუსის გავრცელებას შეუწყობს ხელს. მითუმეტეს, უკვე დაფიქსირდა ინფიცირების შემთხვევები, რომლის პირველწყაროც უცნობია.

სამწუხაროდ, კარანტინი დაემთხვა გაზაფხულს, როცა ბავშვები უფრო ხანგრძლივად უნდა იყვნენ გარეთ, რათა მათმა ორგანიზმმა მზის სხივების ზემოქმედების შედეგად D ვიტამინი გამოიმუშაოს, ორგანიზმში D ვიტამინის საჭირო რაოდენობა ძლიერი იმუნიტეტის საწინდარია. ასე რომ, აუცილებლად გაიყვანეთ ბავშვები ნახევარი საათით მაინც სუფთა ჰაერზე. უბრალოდ, ჩემი რეკომენდაცია იქნება, გააკონტროლოთ ბავშვი, ხელით არ შეეხოს დაბინძურებულ საგნებს და შემდეგ ლორწოვან გარსებზე არ გადაიტანოს დაავადების გამომწვევი. ჩვენ ვნახეთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ ბავშვებში დაავადება მსუბუქი ფორმებით მიმდინარეობდა. შესაბამისად, კორონავირუსზე დიდი საფრთხე მათი იმუნიტეტის დასუსტებაა, რომლის მიზეზიც არასწორი კვება, უმოძრაობა, D ვიტამინის ნაკლებობა და ეკრანზე მიჯაჭვულობა შეიძლება, გახდეს.

– სხვათაშორის, ეკრანზე მიჯაჭვულობის პრობლემა განსაკუთრებით კარანტინის პერიოდში გამწვავდა. როგორ შევამციროთ ბავშვების კონტაქტი ეკრანთან?

– ვეცდები, მოკლედ აგიხსნათ ის ზიანი, რაც ეკრანმა შეიძლება, მოუტანოს თქვენს პატარას. სულ ახლახან ამერიკის პედიატრიის აკადემიამ გამოაქვეყნა რეკომენდაცია, სადაც მოყვანილია მონაცემები, თუ რა ასაკში და რა დროით შეიძლება, ბავშვმა ეკრანთან დაჰყოს.

ორ წლამდე ასაკის ბავშვმა ეკრანთან არცერთი წუთი არ უნდა გაატაროს. დიახ, 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ეკრანთან ურთიერთობა კატეგორიულად აკრძალულია! ორი წლიდან 5-მდე ასაკში ერთი საათია დღეში დაშვებული. ამავე დროს მნიშვნელოვანია, სწორად განვსაზღვროთ ის მედიაპროდუქტი, რაც ბავშვმა უნდა ნახოს. შეარჩიეთ არაძალადობრივი, საგანმანათლებლო და პროსოციალური გადაცემები. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობელი მონაწილეობდეს ამ პროცესში.

6 წლის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მკაცრი რეკომენდაცია დროსთან დაკავშირებით არ არის მოწოდებული, ოღონდ მითითებულია: „ეცადეთ, სახლში გამოყოთ ციფრული მედიისაგან თავისუფალი გარემო“. ასეთი გარემო უნდა იყოს, მაგალითად, ბავშვის საძინებელი. არცერთ შემთხვევაში ბავშვის საძინებელში არ უნდა იყოს ნოუთბუქი, სმარტფონი ან სხვა სახის გაჯეტი, რადგან მშობელი ამ დროს ვერ გააკონტროლებს ბავშვის მიერ ეკრანთან გატარებულ დროს და ვერც ვიდეომასალის შინაარსს. გახსოვდეთ, ეკრანდამოკიდებულება ერთგვარად ჰგავს წამალდამოკიდებულებასა თუ თამაშდამოკიდებულებას.

– არიან ბავშვები, რომლებიც უკონტროლოდ უყურებენ აგრესიულ ვიდეოებს, თამაშობენ აგრესიულ თამაშებს… რა შედეგამდე შეიძლება მიიყვანოს მოზარდი ამგვარმა ქცევამ?

– ამას სავალალო შედეგები შეიძლება მოჰყვეს! ასეთმა მოზარდმა თავისუფლად შეიძლება, იგივე ქცევა დაუფიქრებლად გაიმეოროს. ძალადობა, აგრესია და ასოციალური ქცევები პირდაპირ არის დაკავშირებული კომპიუტერისა და მობილური ტელეფონების არაკონტროლირებად მოხმარებასთან. მშობელი, რომელიც არ აკონტროლებს შვილის ურთიერთობას ეკრანთან, სწირავს მას ფსიქოლოგიური პრობლემებისათვის. ეს ყველაფერი ბავშვის ტვინის განვითარებაზე ნეგატიურად აისახება. დიდი სურვილი მექნება, თუკი თქვენი გაზეთი ამ თემის დეტალური განხილვით სამომავლოდაც დაინტერესდება.

– თქვენ დაგვთანხმდით, რომ გამხდარიყავით ჟურნალისტებისა და ექიმების ინიციატივით შექმნილი „საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის“ მრჩეველთა საბჭოს წევრი და მონაწილეობა მიგეღოთ საზოგადოებრივ მოძრაობაში სახელწოდებით: „უსაფრთხო გარემო — ჯანმრთელი მომავალი“. თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტების როლი დაავადებების პრევენციის საქმეში?

– ზოგადად, ექიმებისათვის ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების სწორი გაშუქება ძალიან მტკივნეული საკითხია. ბევრი ნეგატივი მოდის ექიმების მისამართით, რაც გამოწვეულია ზუსტი ინფორმაციის დეფიციტით. ფრიად მისასალმებელია ჟურნალისტების ჩართულობა პროცესში, რომელიც ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნასა და ჯანმრთელი მომავლის ფორმირებას შეუწყობს ხელს. არ შეიძლება, სამედიცინო საზოგადოება და მედია სხვადასხვა მხარეს ვიდგეთ. ექიმების დიდი სურვილია, რომ ერთობლივი მუშაობითა და საზოგადოების ინფორმირებით ნაკლები ბავშვი ხდებოდეს ავად საქართველოში! ჩვენ გვაკისრია უდიდესი მორალური პასუხისმგებლობა, რათა უსაფრთხო გარემოს პროპაგანდით ჩვენი პატარებისათვის ჯანმრთელი მომავალი შევქმნათ!

ესაუბრა: მეგი საჯაია
წყარო: reportiori.ge