ფინეთში ევროპის უმსხვილესი ბირთვული რეაქტორი ამუშავდა – Reuters

ფინეთში ევროპის უმსხვილესი ბირთვული რეაქტორი Olkiluoto 3 (OL3) ამუშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ რეაქტორის ოპერატორ კომპანია Teollisuuden Voima-ზე (TVO) დაყრდნობით ავრცელებს.

ოპერატორი კომპანიის განცხადებით, რეაქტორი ფინეთის ელექტროენერგიის მოთხოვნის 14 პროცენტს დააკმაყოფილებს, რის შედეგადაც შესაძლებელი იქნება შვედეთიდან და ნორვეგიიდან იმპორტის შემცირება. როგორც მოსალოდნელია, ახალი რეაქტორი, სულ მცირე, 60 წელს იმუშავებს.

1,6 გიგავატის სიმძლავრის რეაქტორის მშენებლობა 2005 წელს დაიწყო. ის მშენებლობის დაწყებიდან ოთხი წლის შემდეგ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა გახსნა ტექნიკური მიზეზებით გადაიდო.

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ბირთვული ენერგია ევროპაში სადავო საკითხად რჩება. ფინეთში ახალი რეაქტორის ამოქმედება იმ ფონზე მოხდა, როდესაც გერმანია თავისი ბოლო სამი რეაქტორის მუშაობას აჩერებს, ხოლო შვედეთი, საფრანგეთი, ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები ბირთვული ენერგეტიკის სფეროში ახალ პროექტებს გეგმავენ.

რუსეთიდან ფინეთში ელექტროენერგიის ექსპორტი გასული წლის მაისში მას შემდეგ შეწყდა, რაც რუსულმა კომპანია „ინტერ რაომ“ განაცხადა, რომ მას მიწოდებული ელექტროენერგიის საფასური არ გადაუხადეს. მალევე, რუსულმა ენერგოკომპანია „გაზპრომმა“ ფინეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაც შეწყვიტა.