თბილისის ქუჩები სისტემატურად მოირეცხება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ “ფეისბუქზე“ ვიდეო ჩართვისას განაცხადა.
როგორც დედაქალაქის მერი განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში, იმისთვის, რომ ბევრი ქუჩა მოირეცხოს, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მანქანებსაც გამოიყენებენ.
„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ახალ პროექტზე. პროექტი გულისხმობს ქალაქში დასუფთავების სამუშაოებს. ორშაბათიდან კარგი ამინდია და შეგვიძლია დავიწყოთ აღნიშნული სამუშაოების წარმოება, რომელიც მიზნად ისახავს ქუჩების მორეცხვას და დასუფთავებას, ამას სისტემატური ხასიათი უნდა მიეცეს. ზაფხულის ცხელ დღეებში მნიშვნელოვანია ქუჩები ირწყვებოდეს და სუფთავდებოდეს. ყველაფერი მაქსიმალურად მოწესრიგებული უნდა იყოს – საავტომობილო გზები, ტროტუარები.
მინდა ანდრია ბასილაიას {მერის მოადგილე} დავავალო ამ პროექტის განხორციელება. თუ აუცილებლობა მოითხოვს, შეგვიძლია ვთხოვოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დაგვეხმარება, გამოიყენეთ სახანძრო მანქანები იმისთვის, რომ ბევრ ქუჩაზე მოვახერხოთ შესვლა და დასუფთავების სამუშაოების წარმოება. ისე მოამზადეთ პროექტი, რომ 24 აპრილიდან დავიწყოთ სამუშაოების განხორციელება“,- აღნიშნავს კალაძე.
თავის მხრივ, როგორც „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი დავით ფაჩულია განმარტავს, პროექტი მთელი ზაფხულის განმავლობაში განხორციელდება და ყოველდღე 100-ზე მეტი ქუჩა მოირეცხება. სამუშაოებით 00:00 საათიდან 07:30 საათამდე გაგრძელდება.