ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ლუის ინასიო ლულა და სილვა უყრაინაში მიიწვია, რათა საკუთარი თვალით ნახოს ომი, – ამის შესახებ უყრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ოლეგ ნიკოლენკო საკუთარ „ფეისბუქზე“ წერს.
„უკრაინა ინტერესით ადევნებს თვალს ბრაზილიის პრეზიდენტის ძალისხმევას ომის დასასრულებლად გზების პოვნაში. ამავდროულად, მისი მიდგომა, რომელიც მსხვერპლს და აგრესორს თანასწორს ხდის და ადანაშაულებს ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან უკრაინას აგრესიისგან თავის დაცვაში, არ შეესაბამება რეალობას“, – აღნიშნა ნიკოლენკომ.
მისი თქმით, უყრაინას ყველაზე მეტად სურს და ცდილობს, ყველა შესაძლო გზით დაასრულოს ომი უკრაინის პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული მშვიდობის ფორმულით.
ნიკოლენკომ აღნიშნა, რომ უყრაინას არ სჭირდება ვინმეს დარწმუნება, რადგან ომი უყრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, მანამდე ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ომი გამოწვეულია „ორი ქვეყნის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით“.