ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა – “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” ამ თემაზე დღეს პრეზენტაციას გამართავს.
მიზანი ქვეყანაში ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის სტანდარტების გაძლიერებაა. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ამ მიმართულებით საქართველოს საკმაოდ ბევრი პრობლემა აქვს. პროექტის უმთავრესი კომპონენტი ეთნიკურ უმცირესობებთან მუშაობა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირება იქნება.
“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი განმარტავს, რომ პროექტი ძირითადად ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური და სოციალური ინკლუზიის და უფლებების დაცვის საკითხებს ეხება.
თამთა მიქელაძეს თქმით, სამწუხაროდ ჩვენს დღევანდელ რეალობაში და ძირითადი პოლიტიკური დღის წესრიგში ის სისტემური გამოწვევები, რომელიც ეთნიკური უმცირესობების წინაშე დგას სუსტად არის ასახული და შეიძლება ითქვას, რომ მათი საჭიროებები, წუხილები და ინტერესები ძირითადი პოლიტიკის დღის წესრიგიდან გარიყულია.