ევროზონის ეკონომიკა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში 12,1%-ით შემცირდა მაშინ, როდესაც ევროკავშირის საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 11,9%-ით, განაცხადა ბლოკის სტატისტიკურმა ოფისმა – ევროსტატმა. სტატიას ამის შესახებ Politico აქვეყნებს.
„ეს არის ყველაზე მკვეთრი ვარდნები მას შემდეგ, რაც დაიწყო შესაბამისი მონაცემების დამუშავება 1995 წელს“ – აცხადებენ უწყებაში.
ევროკავშირის იმ წევრებს შორის, რომელთა შესახებაც ევროსტატმა მიიღო ეკონომიკური მონაცემები, მეორე კვარტალში წინა შესადარებელ პერიოდთან შედარებით ყველაზე მკვეთრი ვარდნა დაფიქსირდა ესპანეთში – 18,5%. ესპანეთს მოჰყვება პორტუგალია (–14,1%) და საფრანგეთი (–13,8%). ყველაზე ნაკლები ვარდნა დაფიქსირდა ლიეტუვაში (–5.1%).
იტალიაში შემცირების მაჩვენებელია 12,4%, ხოლო გერმანიის ეკონომიკა 10,1%-ით შემცირდა.
პაოლო ჯენტილონიმ, ეკონომიკის კომისარმა ტვიტერში გამოაქვეყნა, რომ საშინელი ციფრები ადასტურებს COVID-19-ის უპრეცედენტო ეკონომიკურ შედეგებს, რაც გავლენას ახდენს ევროპის ყველა ქვეყანაზე.
აპრილ–ივნისში მკვეთრი ვარდნა მოჰყვა პირველ კვარტალში შემცირებას: ევროზონაში 3,6%-ით და ევროკავშირში – 3,2%-ით.
უწოდებს რა მონაცემებს „წინასწარ შეფასებას“, ევროსტატი აცხადებს, რომ მონაცემები კორექტირებული იქნა სეზონურად და ასახავდა კორონავირუსის გავრცელების შეჩერების ღონისძიებებს, რომლებიც მიღებული იყო გაზაფხულზე ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის მიერ. ევროსტატის მიხედვით შედეგები „ეყრდნობა მონაცემთა წყაროებს, რომლებიც არასრულია და ექვემდებარება შემდგომ გადახედვას“.2019 წლის მეორე კვარტალთან შედარებით სეზონურად კორექტირებული მთლიანი შიდა პროდუქტი ევროზონაში შემცირდა 15%-ით და ევროკავშირში – 14,4%-ით.
Capital Economics-ის ევროპის მთავარმა ეკონომისტმა ენდრიუ კენინგჰემმა აღნიშნა, რომ მონაცემები ნაკლებად იმედის მომცემია.
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ეკონომიკის ნაწილი გამოცოცხლდა, უკვე მიყენებული ზიანი, ვირუსის ამჟამინდელ და მომავალ პოტენციურ ზემოქმედებასთან ერთად ნიშნავს, რომ აღდგენის პროცესი მტკივნეულად ნელი იქნება“, – თქვა მან.
ING-ის ევროზონის მთავარმა ეკონომისტმა ბერტ კოლინმა განცხადა, რომ როგორც ჩანს, ესპანეთი ევროზონის სხვა წევრებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა ვარდნის უფრო მაღალი მაჩვენებლით.
„საპროგნოზო მონაცემების მიხედვით 2020 წლის მეორე კვარტალში ესპანეთი ჩამორჩებოდა იტალიასა და საფრანგეთს აღდგენის თვალსაზრისით, მაგრამ განსხვავება მოსალოდნელზე მეტია და რადგან ხელახლა გახსნის ღონისძიებები მესამე კვარტალში შეფერხდა ადგილობრივად, როგორც ჩანს, ესპანეთი განწყობილია ხანგრძლივი ვარდნისთვის“ – აღნიშნა მან.
ევროსტატის ინფორმაციით მეორე კვარტალის განახლებულ შეფასებებს ის 14 აგვისტოს გამოაქვეყნებს.
წყარო: imedinews.ge