სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა იმ პროპაგანდისტული საქმიანობის გაგრძელებაა, რაშიც საკმაოდ სოლიდური თანხა უკვე დახარჯეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, პროპაგანდისტული საქმიანობის ფარგლებში სტატიები გამოქვეყნდა იმის შესახებ, რომ სააკაშვილი არის მოწამლული.
„სტატიები გამოაქვეყნებინეს იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი არის მოწამლული და რომ იგი საჭიროებს სხვა სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას საზღვარგარეთ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ოპოზიციური პარტიები კიდევ ერთი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხება. „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესია, კომისიამ დაადგინოს, ირღვეოდა თუ არა პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილის უფლებები და კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება თუ არა პატიმარი სათანადო პირობებში.