ვლადიმირ პუტინმა, შესაძლოა, ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში ომის „მართვადი“ ესკალაციისთვის გამოიყენოს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვენდი შერმანმა განაცხადა.
ვენდი შერმანმა ნატო-ს შეიარაღების კონტროლის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე სიფხიზლისკენ მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს.
„ჩვენ ყველა ვაკვირდებოდით და შეშფოთებული ვიყავით, რომ ვლადიმირ პუტინი გამოიყენებდა არასტრატეგიულ ბირთვულ იარაღს ან სხვა დემონსტრაციულ ეფექტს ესკალაციისთვის, მაგრამ მართვადი რისკის პირობებში“, – განაცხადა შერმანმა.
ამერიკელი დიპლომატის თქმით, ვლადიმირ პუტინის მიერ 25 მარტს გაკეთებული განცხადება, რომ რუსეთი ემზადება მეზობელ ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებისთვის, არის მისი მცდელობა, “გამოიყენოს ეს მუქარა მართული გზით”, – აღნიშნა შერმანმა.
ამავე კონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბირთვული იარაღის ბელარუსში განთავსებაზე პუტინის გეგმას უწოდა „საშიში, უპასუხისმგებლო ბირთვული რიტორიკის ნაწილი“. მან ასევე აღნიშნა, რომ ისინი გულდასმით ადევნებენ თვალს რუსეთის ქმედებებს. თავად რუსეთი ბირთვული იარაღის უკრაინაში გამოყენების განზრახვას უარყოფს.