აფხაზები “American Idiol”- ის მონაწილეს, ნუცა ბუზალაძეს აქტიურად გულშემატკივრობენ.
ხმის დაწყებისთანავე, ისინი დახურულ ჯგუფებში წერდნენ, რომ ნუცასთვის ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, საიტზე ვერ გადადიოდნენ და კითხულობდნენ, რა შეიძლება ამის მიზეზი ყოფილიყო…
ადგილობრივი ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა მათი აქტიურობის მიმართ გაოცება და აშკარა აგრესიაც გამოხატა, თუ რატომ ინტერესდებოდნენ ქართველი მომღერლის ბედით.
“მხოლოდ ერთ რამეს ვიკითხავ. რატომ არასდროს მსმენია ქართველისგან, რომ აფხაზ შემსრულებელს გულშემატკივრობდეს? ვერ გავიგე, რა ხდება ჩვენს თავს. თუ ვინმე მეტყვის (და ვიცი, ბევრი ასე ამართლებს ჩვენების ბოლოდროინდელ ინტერესს ქართველების მიმართ), რომ ნიჭს ეროვნება არ აქვს, ჩვენც გვყავს ნიჭიერები” – წერს ადგილობრივი ელმირა კვაძბა.
მას გარკვეული ნაწილი არ ეთანხმება. ისინი მიიჩნევენ, რომ თაობა, რომლებიც ახლა საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან გუნდებსა და ღონისძიებებში მონაწილეობენ, ომის დასრულებიდან ერთი ათეულის წლის შემდეგ არიან დაბადებული და ამის გამო, ორ თაობას შორის მუდმივი კედლის შენება უშედეგო იქნება…
“ორი წლის წინ, სოხუმში, ახლობლის ოჯახში ვიყავი, ერთად შევხვდით ახალ წელს. თბილისიდან სტუმრები ჰყავდათ, დედა-შვილი. აქ მცხოვრებ ქართველებს თუ არ ჩავთვლით, ჩამოსულებთან ურთიერთობა იქამდე არ მქონია, გოგონას გიტარა ჰქონდა თან, მასპინძელს ოჯახში მშვენიერი პიანინო ჰქონდა და მთელი ღამე სიმღერა არ შეწყვეტილა, უამრავი ქართული სიმღერა შეასრულეს, მათ შორის, მასპინძლების მონაწილეობით. ტექსტის შინაარსი არ მესმოდა, მაგრამ სასიამოვნოდ მოსასმენი იყო. ვერ დავიჯერებ, რომ მეზობლებს არ ესმოდა იმ სახლიდან გასული ხმები… სახლში, ოჯახის წევრებს რომ მოვუყევი, მუსიკამ და კულტურამ რა დააშავაო, მითხრეს. ასე რომ ნურც მომხიბვლელი ბუზალაძის მიმართ ინტერესს ნუ გაიკვირვებთ” – წერს კიდევ ერთი ადგილობრივი სერგი აკაბა.
“კვარაცხელიას მერე არც ამ გოგონას მიმართ გამოჩენილი ინტერესი გამკვირვებია. ნიჭი ყველა ერში დასაფასებელია, ეს გოგონა მართლა ცეცხლს ანთებს სცენაზე. ამერიკისხელა სახელმწიფოში, ასეთ კონკურენციაში საოცრებებს ახდენს. ბრავო მას… სასიამოვნოა მისი მოსმენა, სითამამე, სცენაზე თავისუფლება. ვერ შევძელი, თორემ ნამდვილად ვცდილობდი ხმა მიმეცა. იმედია, კიდევ ბევრჯერ ვნახავთ დიდი სცენაზე” – წერს სოხუმელი ინტერნეტმომხმარებელი.
“აქ პოლიტიკაზე კი არა, ნიჭზეა საუბარი და როდესაც ნიჭიერი ადამიანისთვის ხელის შეშველებისა და წახალისების შესაძლებლობა არსებობს, რატომ არ უნდა გამოვიყენოთ ის, იმიტომ რომ ქართველია?.. თავდაპირველად, ვიღაცები კვარაცხელიას თამაშებს ჩუმად უყურებდნენ, შემდეგ კი სოხუმის სანაპიროზე, დილის ყავის დასალევად გამოსული კაცების გაცხარებული კამათიც მომისმენია “კვარას” მატჩებზე… ბრმები და ყრუები არ ვართ, ამ სამყაროს ნაწილი ვართ და ნიჟარაში ვერ დავიმალებით, სპორტი, მუსიკა, ხელოვნება ჩვენი ცხოვრების ნაწილია. ყველაფერში საფრთხის დანახვას ნუ ცდილობთ” – მიაჩნია მური ჩამაგუას.
წყარო: mix.metronome.ge