„მთავარზე“ რომ რაღაცას უყურებ, ნოდარ მელაძეს უყურებ და „ალიაში“ რაღაცას წაიკითხავ, თურმე ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ მოსამართლე დაასანქცირო – ირაკლი კობახიძე

„ვიღაცებს გაზეთებიდან და ტელევიზიებიდან გაუგიათ, თითქოს რამდენიმე მოსამართლე კორუფციაში იყო ჩართული და ამის გამო დააწესეს ე.წ. სანქციები ოთხი მოსამართლის მიმართ, შემდეგ უკან დაიხიეს და თქვეს, რომ ეს არ არის სანქციები, ეს არის სავიზო შეზღუდვა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა.

მისი თქმით „მთავარზე“ რომ რაღაცას უყურებ, ნოდარ მელაძეს უყურებ და „ალიაში“ რაღაცას წაიკითხავ, თურმე ეს არის საკმარისი საფუძველი, რომ მოსამართლე დაასანქცირო.

„ზოგადად, მოსამართლის მიმართ მოქმედებს ყველაზე მაღალი ხარისხით დამოუკიდებლობის სტანდარტი და შესაბამისად, დისციპლინური წარმოების სანქცირების სტანდარტი. ჩვენს კანონმდებლობას რომ ჩახედოთ, იქ გამორიცხულია, უტყუარი მტკიცებულებების გარეშე ვინმემ ადმინისტრაციული წარმოება დაიწყოს მოსამართლის წინააღმდეგ და გაფრთხილებასაც კი ვერ მისცემ. შესაბამისად, ამის გამოა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ერთი გაფრთხილებაც კი არ გაცემულა მოსამართლის მიმართ. რატომ, იმიტომ, რომ აქ არის დისციპლინური წარმოების სანქცირების უმაღლესი სტანდარტი.

ასეთ პირობებში ვიღაც გეუბნება, რომ არ მაინტერესებს არც დისციპლინური წარმოების სტანდარტები, არც მტკიცებულებები, არაფერი არ მაინტერესებს, უბრალოდ, შემიძლია „ალიადან“, „მთავარი არხიდან“ და ნოდარ მელაძისგან მიღებული ინფორმაციით ვიღაცას ვუწოდო კორუმპირებული, ისინი დავასანქცირო თუ დავუწესო სავიზო შეზღუდვები“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, დღეს ასევე გამაოგნებელი იყო კიდევ ერთი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ კეზერაშვილი თურმე უარყოფს საკუთარ ბრალდებას ევროპელი პენსიონერების ძარცვასთან დაკავშირებით და ამიტომ არის საჭირო გამოძიების ბოლომდე მიყვანა.

თურმე ერთ შემთხვევაში შეგიძლია წაიკითხო „ალია“ და უყურო „ტვ პირველს“, გამოიტანო დასკვნები და დაასანქცირო მოსამართლე, მეორე შემთხვევაში არის ქართული მედია, ყველაზე რეიტინგული მედიასაშუალებები, რომლებიც დიდი ხანია საუბრობენ კორუფციულ სკანდალებზე, რაც კეზერაშვილს უკავშირდება, მათ შორის ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე, არის ქართველი და გერმანელი პროკურორების ერთობლივი გამოძიება, რასაც მიეძღვნა ბრიფინგი ორიოდე კვირის წინ და არის უკვე ბიბისი-ს მიერ მომზადებული სიუჟეტი, ანუ ერთ მხარეს არის „ალია“ და „ტვ პირველი“, პოლიტიკურად მიკერძოებული ორი-სამი მედიასაშუალება, რომელიც საუბრობს იმაზე, რომ ვითომ ოთხი მოსამართლე არის კორუმპირებული და აქ არის „ბიბისი“, ყველაზე რეიტინგული ქართული ტელევიზიები, სხვა მედიასაშუალებები, ქართულ-გერმანული ოფიციალური გამოძიება, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ კეზერაშვილი არის პირდაპირ ბრალდებული ევროპელი პენსიონერების ძარცვაში და ეს საზოგადოებამაც იცის. თურმე იქ საკმარისია, რომ კორუმპირებული დაუძახო ოთხ მოსამართლეს და აქ არაფერი არ არის საკმარისი, გამოძიება უნდა გაგრძელდეს. აქ ჩანს პოლიტიკური მიკერძოება გლობალური ომის პარტიის მხრიდან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.