როცა გავიცანი, პრაქტიკულად, არაფერს წარმოადგენდა. უფრო სწორად, პარლამენტში თანამდებობა კი ეკავა – თუ არ ვცდები, ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტს ხელმძღვანელობდა (ინტერვიუც სწორედ ამ საკითხებზე ჩავწერე), მაგრამ ფართო საზოგადოება არ იცნობდა და მაშინ, შორეული 90-იანი წლების მეორე დეკადაში, ალბათ, თავადაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი და მმართველი გუნდის „ხერხემალი“ გახდებოდა.
სხვათა შორის, 90-იანებშიც მმართველი პარტიის წევრი იყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ ცხონებული ედუარდ შევარდნაძის პარტიის დაშლა სწორედ მისი სკანდალური ინტერვიუთი დაიწყო, ინტერვიუთი, რომელიც ერთ-ერთ გავლენიან ამერიკულ გამოცემას მისცა. იმთავითვე ითქვა, რომ ეს ნაბიჯი საკუთარი ნებით არ გადაუდგამს, ანუ ყველას ეგონა, რომ ის, უბრალოდ, შემსრულებელი იყო, მაგრამ ისტორიის ჟამთასვლამ ნათელყო, რომ რიგითი პაიკი კი არა, გავლენიანი კარდინალია, კარდინალი, რომელიც გრკვეულ პროცესებსაც დღესაც ჩრდილიდან მართავს.
და მაინც, ვინ არის, რა მიზნები აქვს და როგორ გახდა ერთი ჩვეულებრივი უდელი ბიჭი საშიში და ამავდროულად, ანგარიშგასაწევი ფიგურა? – „მეტრონომი“ შს ყოფილი მინისტრის, ყოფილი პრემიერისა და ყოფილი პატიმრის, ვანო მერაბიშვილის ერთობ ბურუსით მოცულ და სკანდალურ ქეისს წარმოგიდგენთ.
ოფიციალური დოსიე
ივანე (ვანო) მერაბიშვილი, როგორც ქართული „ვიკიპედია“ იუწყება, 1968 წლის 15 აპრილს, ადიგენის რაიონის სოფელ უდეში დაიბადა. ისე, იმ დროს, როცა მერაბიშვილი ქვეყანას მოევლინა, 15 აპრილი სიყვარულის დღედ არ იყო გამოცხადებული, მაგრამ ამას მნიშნელობა არ აქვს, ფაქტია: ბოლო წლებია, 15 აპრილს, ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძის ინიციატივით, საქართველო სიყვარულის დღეს ზეიმობს. ჰოდა, ალბათ, ბედის ირონიაა, რომ მერაბიშვილის დაბადებისა და “სიყვარულის” დღეები ერთმანეთს ემთხვევა. მათ, ვინც ქართულ პოლიტიკას თვალს ადევნებს, მერაბიშვილის შს მინისტრობა კარგად ახსოვს ანუ მართალია, „ნაციონალურ საქართველოში“ ადამიანების „ტრუსიკ-მაიკით“ დაჭერისა და ქუჩაში დახვრეტის „ტრადიაციას“ საფუძველი ირაკლი ოქრუაშილის შს მინისტრობის დროს ჩაეყარა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამ ძალოვან უწყებას სათავეში უდელი ვანო ჩაუდგა, ხალხის წამების მეთოდები დაიხვეწა. ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სისხლიანი საქმე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობა, რომელიც პრაქტიკულად, სააკაშვილის მმართველობის დასასრულის დასაწყისად იქცა, სწორედ მერაბიშვილის შს მინისტრობას უკავშირდება.
2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, „ნაცების“ მმართველობის დროსაა გადაღებული. ამ ვიდეოკადრებში ვანო მერაბიშვილი მკაფიოდ ჩანს, რომელიც ხელქვეითებს „ორ გვამს“ სთხოვს. ყველაფერ ამის მიუხედავად, ქართულ „ვიკიპედიაში“ მერაბიშვილი „სახელმწიფო და პოლიტიკურ მოღვაწედ“ არის მოხსენიებული(?!).
ამავე წყაროს მიხედვით, ვიდრე პლიტიკაში ჩაერთვებოდა, მერაბიშვილი სამეცნიერო საქმიანობას ეწეოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, კერძოდ, 1992-1995 წლებში, მომავალი შს და პრემიერ-მინისტრი „გე-პე-ი“-სა და აგრარულ უნივერსიტეტებში ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად, ასისტენტად და უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობდა. 1995 წელს, მერაბიშვილი მეცნიერებიდან არასამთავრობო სექტორში ინაცვლებს და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის აფუძნებს, 1996 წელს კი „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი თანადამფუძნებელი ხდება.
საერთოდ, მიწა მერაბიშვილის ბიოგრაფიაში ერთ-ერთი „სუსტი რგოლია“. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, 2001 წლის მაისში, მიწის „მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია“, „ტერა ინსტიტუტთან“ ერთად, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, საქართველოში მიწის ბაზრის განვითარების პროექტს იწყებს, რაც პრივატიზებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რეგისტრაციას გულისხმობს. ამ დროს მერაბიშვილი უკვე პარლამენტის წევრია. მის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობოს კი ჯაბა ებანოიძე ხელმძღვანელობს (მერაბიშვილის აღზევების დროს, ჯაბა ებანოიძეც დაწინაურებული გალხდათ. ყოველ შემთხვევაში, მას შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, კერძოდ, 2013 წლის იანვარში, ებანოიძეს ბრალი რამდენიმე მუხლით წაუყენეს, ანუ გამოძიება თანამდებობის ბოროტად გამოყენებას, ქონების გადამალვასა და საანგარიშსწორებო დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდა. მაშინდელი მედიის ცნობით, ებანოიძემ ბრალი ნაწილობრივ აღიარა).
ცნობისთვის: საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწის რეფორმა, რომელიც 2.5 მილიონი მიწის ნაკვეთის კერძო საკუთრებაში გადაცემას ითვალისწინებდა, 1999 წლის მაისში დაიწყო. მიწის კერძო საკუთრებაში გადაცემისათვის აუცილებელი საკანონმდებლო აქტების მომზადებაში „მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია“ იმთავითვე აქტიურად იყო ჩართული.
სხვათა შორის, 2014 წლის ზაფხულში, ქობულეთელი ჯეირან ფალავანდიშვილი გავიცანი, რომელიც თავის დროზე მერაბიშვილის არასამთავრობოს წევრი იყო და რომელმაც საინტერესო ისტორია მიამბო:
„…1996 წელს, მუშაობა მიწათმომწყობად დავიწყე. ამასობაში, ხელისუფლებაში “ნაცმოძრაობა” მოვიდა და, რეორგანიზაციის საბაბით, შინ გამიშვა. იძულებული გავხდი, საკუთარი მრავაპროფილიანი შპს „ციტროვიტა“ შემქმნა. 2007 წლის დეკემბერში, 7 ნოემბრის ამბები უკვე მომხდარი იყო, ხელისუფლებამ მთელი აჭარის მიწათმომწყობებს დაგვიძახა. ამ შეხვედრას შემოსავლების სამსახურის მაშინდელი უფროსი, ჯაბა ებანოძიე ხელმძღვანელობდა, რომელიც ადრე მიწის მესაკუთრეთა უფლბების დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე იყო. ამ ასოციაციას ოფისი აჭარაშიც ჰქონდა. ჯაბა ებანოიძე ბათუმში იმ მოტივით ჩამოვიდა, რომ ქობულეთისა და ხელვაჩაურის რაიონებში მიწის რეფორმა ჩატარებული არ იყო და სასწრაფოდ მიწის ლეგალიზაცია უნდა მოგვეხდინა. მოკლედ, რუკები დაგვირიგეს, მე ჩემი სოფელი ხალა, ასე ვთქვათ, ჩამაბარეს და მიწის დაკანონების პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდა. ყველაფერ ამას ქობულეთში ხელისუფლებიდან ჯემალ ინაიშვილი კურირებდა – მოიტანდა საბუთს და ხალხს „ტარჟესტვენნად“ გადავცემდით, მაგრამ ყველაფერი ეს ცოტა ხანს გაგრძელდა… მოკლედ, ჩაქვში მაღალმთიანი რაონებიდან ჩამოსახლებულ აჭარლებს აღიარების კომისიამ არენდით აღებული მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაში გადასცა. მახსოვს, სულ 36 საკუთრების მოწმობა გაიცა. ადგილზე კომისიის თავმჯდომარე სულხან ტაკიძე იყო. ზუსტი თარიღი არ მახსოვს, მაგრამ 2008 წლის მეორე ნახევარში, 36 ნახაზი ანუ საკუთრების მოწმობა ერთდროულად გააუქმეს და ამის მოტივი ის გახდა, რომ კერძო საკუთრებაში გადაცემის დროს თითქოს კანონი დაირღვა. მიწის ეს ნაკვეთები სახელმწიფომ დაიბრუნა – როგორც ჩანს, რაღაცისთვის უნდოდა… ისე, თავის დროზე, როცა ავტობანის მშენებლობა გადაწყდა, მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაციამ სავარაუდო პროექტი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც, ავტობანი ქობულეთიდან, ჩაქვის გავლით, თურქეთის საზღვრამდე უნდა მივიდეს. სახლების ნახაზებსაც ვაკეთებ და ქობულეთის მიწის საკუთრების აღიარებით კომისიაში მთხოვეს, ხომ იცი, ავტობანმა სადაც უნდა გაიაროს და ამ ტერიტორიაზე სახლის ნახაზის გაკეთებას მოერიდეო. მიწის მესაკუთრეთა დაცვის ასოციაცია მთავრობის დაკვეთით მუშაობდა…“
ქობულეთელი ჯეირან ფალავანდიშვილის ეს მონათხრობი შეიძლება, მტკიცებულებად არ გამოდგეს, მაგრამ ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ მერაბიშვილი, თავისი არასამთავრობოს მეშვეობით, ე.წ. მიწის ბიზნესს, მინიმუმ, ლობირებდა, რაც გასაკვირიც არაა, რამეთუ მიწა შემოსავლის, მართლაც, სარფიანი წყაროა…
შეიძლება, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ 1999 წლის მოწვევის პარლამენტში, როცა დეპუტატი გახდა, მერაბიშვილი ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტს ჩაუდგა სათავეში. სწორედ მაშინ ითქვა, რომ მას გარკვეული ინტერესები „ჟინვალჰესთანაც“ ჰქონდა…
ამ „პატარ-პატარა“ სკანდალების მიუხედავად, 2003 წლის მოვლენებამდე მერაბშვილის არსებობის შესახებ ფართო საზოგადოებამ არაფერი იცოდა. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ კი პოლიტიკურმა ღმერთებმა თუ პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილმა ანგელოზებმა, როგორც ჩანს, მისი მფარველობა გადაწყვიტეს და უდელმა ვანომაც თავბრუდამხვევი კარიერა გაიკეთა:
2004 წლის 26 იანვარს, ანუ ინაგურაციის მეორე დღესვე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეროვნული უშიშროების საკითხებში თავის თანაშემწედ დანიშნა. პარალელურად, მერაბიშვილი ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობასაც ასრულებდა. დაახლოებით, ექვსი თვის შემდეგ, კერძოდ, 2004 წლის 7 ივნისს, მერაბიშვილი საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრი ხდება და ამ თანამდებობას წლის ბოლომდე – 18 დეკემბრამდე იკავებს, საიდანაც მუშაობას შსს-ში, მინისტრის რანგში აგრძელებს.
„ნაციონალთა“ კულუარებში გარკვეულები ამბობენ, რომ მერაბიშვილს ბევრი მტრობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის, პრაქტიკულად, ერთადერთი, იყო, რომელმაც „ვარდების მთავრობაში“, სააკაშვილის პრეზიდენტობის ორივე ვადის დროს, სავარძელი მყარად შეინარჩუნა – მართალია, 2012 წლის შუახანებში შს მინისტრობა დატოვა, მაგრამ უსამსახუროდ არ დარჩენილა – პრემიერად დაინიშნა და ეს პოსტი 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ეკავა.
რატომ უქმნიდა სააკაშვილი მერაბიშვილს სასათბურე პირობებს? – ეს რიტორიკული კითხვაა…
ექსხერხემლისა და „ნაცმოძრაობის“ ყოფილი გენერალური მდივნის ოფიციალური დოსიე სრულყოფილი რომ გამოვიდეს, ხაზს კიდევ ორ დეტალს გავუსვამ:
ვანო მერაბიშვილი დაქორწინებულია და ორი ვაჟი ჰყავს. ყველაზე გახმაურებულ სკანდალში კი სწორედ მეუღლის გამო გაეხვა. შეიძლება, ეს დელიკატური თემაა, მაგრამ ამის თაობაზე უკვე იმდენჯერ ითქვა და დაიწერა, რომ დასამალი აღარაფერია.
მოკლედ, იმ დროს, როცა მერაბიშვილი, პრაქტიკულად, თავისი კარიერის ევერესტზე იმყოფებოდა და, როგორც იტყვიან, ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა – ქალამნად, ტელეკომპანია „იმედმა“ საზოგადოებას სისხლიანი ამბის შესახებ ამცნო. სახელდობრ, გადაცემა „დროება“ იუწყებოდა, რომ ძალოვანებმა ოქროყანის სასფალოაზე წამებით მოკლეს ახალაზრდა მამაკაცი, სანდრო გირგვლიანი. ამასთან, სატელევიზიო სიუჟეტში ნათქვამი იყო, რომ ინციდენტი შარდენ-ბარში დაიწყო, სადაც დათა ახალიასთან, გურამ დონაძესთან, ვასილ სანოძესა და ოლეგ მელნიკოვთან ერთად, მერაბიშვილის თანამეცხედრე, თაკო სალაყაიაც იმყოფებოდა. მოგვიანებით, გირგვლიანის მკვლელობის მთავარ ფიგურანტად მაშინდელი ოპოზიცია სწორედ სალაყაიას დაასახელებს და მისი დასჯის პარალელურად, მერაბიშვილის შს მინისტრობიდან გადაყენებასაც მოითხოვს.
დღევანდელი გადასახედიდან, სააკაშვილის საბედისწეროდ შეცდომად შეიძლება ის ჩაითვალოს, რომ გირგვლიანის საქმის გამო ვანო „კბილებით დაიცვა“. სწორედ ამიტომაც, შს ექსმინისტრი მთელი ცხოვრება ექსრეზიდენტის მადლობელი უნდა ყოფილიყო და მისი ნაფეხბურებისთვის ეკოცნა, მაგრამ მოგეხსენებათ, პოლიტიკა „სიბინძურის ხელოვნებაა“. მაშასადამე, პოლიტიკაში მუდმივი არც მტრები არსებობენ და არც – მეგობრები. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ვანომ მიშას „ზურგში მახვილი ჩასცა“?! სააკაშვილს გული ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ მერაბიშვილის ტრანსფორმაციამ ატკინა, მაგრამ ყველაფერი ისე მარტივადაც არაა, როგორც ჩანს!
დიახ, ინტერვიუ, რომელიც ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში ინახება, პირდაპირ თუ არა, ირიბად ნათელყოფს, რომ ვანო მერაბიშვილმა „ჩრდილოეთელ დემონებს“ სული ჯერ კიდევ ყმაწვილკაცობაში მიჰყიდა!
არ გჯერათ? – თქვენი ნებაა, მაგრამ გირჩევთ, ეს ქეისი ბოლომდე წაიკითხოთ და დასკვნებიც მერე გააკეთოთ!
***
მოკლედ, ასე იყო თუ ისე, „ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, მერაბიშვილი ციხეში აღმოჩნდა, რაც ალბათ, არავის გაჰკვირვებია, მაგრამ „ხერხემალი“ „მდუმარე“ პატიმრი არ ყოფილა. ყოველ შემთხვევაში, ერთ, როგორც იტყვიან, მშვენიერ დღეს, უდელმა „რუხმა კარდინალმა“ განაცხადა, საკნიდან ღამე გამიყვანეს, მთავარ პროკურორთან მიმიყვანეს და მაიძულებდნენ, სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიმეცაო.
ისინი, ვინც ციხეს კარგად იცნობენ, ამბობენ, რომ მერაბიშვილი საკნიდან შესაძლოა, მართლაც გაიყვანეს, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ ამ „გაყვანის“ ინიციატორი თავადვე ყოფილიყო, ანუ მთავარ პროკუროთან, ან ვინმე სხვა ძალოვან მაღალჩინოსანთან შეხვედრა იმ მოტივით მოეთხოვა, რომ მისი საკნიდან გაყვანა სათვალთვალო კამერებს დაეფიქსირებინა და მერე, ერთი ამბავი აეტეხა, აი, „ოცნება“ რა ცუდად იქცევაო.
შს ყოფილ მინისტრსა და, ასევე, ყოფილ პრემიერს ბრალი რამდენიმე მუხლით ჰქონდა წაყენებული. კერძოდ, მერაბიშვილი მოსყიდვაში, გაფლანგვასა და თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ამასთან, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესა და 26 მაისის აქციის დაშლაში იყო მხილებული. 2014 წლის 17 თებერვალს, სასამართლომ მერაბიშვილი დამნაშავედ სცნო და თავისუფება 5 წლით აღუკვეთა.
სხვათა შორის, სანამ მერაბიშვილი ციხეში იყო, საქართველოს ერთდიანი ვიზიტით, მაკკეინი ეწვია, რომელიც მანამდე უკრაინაში იმყოფებოდა. მაკკეინის ვიზიტის შემდეგ, „მატროსოვი“ გიგი უგულავამ დატოვა. პოლიტიკურ კულუარებში ამბობენ, რომ ჯერ კიდევ გავლენიანი ამერიკელ სენატორს საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს პირებთან ტეტ-ა-ტეტ საუბარი სწორედ უგულავა-მერაბიშვილზე ჰქონდა. შეიძლება, უბრალო დამთხვევაა, მაგრამ თვალშისაცემია, რომ უგულავა პატიმრობიდან სწორედ მაკკეინის სტუმრობის შემდეგ გათავისუფლდა. ამ დროს უგულავას სააკაშვილისთვის უკვე ნაცარი ჰქონდა მიყრილი – პატიმრობიდან საგანგებო წერილი გაავრცელა, სადაც სააკაშვილს, პრაქტიკულად, მოუწოდა, რომ “ნაცმოძრაობის” თავმჯდომარებაზე უარი ეთქვა. ყოფილ მმართველ პარტიაში სამკვდრო-სასიცოცხლო ორომტრიალი სწორედ ამ წერილით დაიწყო. მოგვიანებით, წაყენებულ ბრალდებაში უგულავამ თავი დამნაშავედ სცნო და საპყრობილეც დატოვა…
სხვათა შორის, მერაბიშვილს თავის დროზე, თუ გახსოვთ, მეტ-ნაკლებად დადებით კონტექსტში ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილიც ახსენებდა, ანუ ხაზი მის კარგ მენეჯერულ თვისებებს გაუსვა და არც ის დაუმალავს, რომ „ნაცებს“ სწორედ მერაბიშვილის საშუალებით ეკონტაქტებოდა…
უდედან ჩრდილოეთამდე
წეღანდელი თქმისა არ იყოს, ჩემს პირად ჟურნალისტურ არქივში კიდევ ერთი სკანდალური ინტერვიუ ინახება. ამჯერად რესპონდენტი უშიშროებასთან ასოცირებული პირია, რომელიც ღიად მიანიშნებს, რომ მერაბიშვილს ბმა შესაძლოა, რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ჰქონდეს. ამ მოსაზრებას ერთი გარემოებაც ამყარებს, სახელდობრ, მერაბიშვილი, როგორც სახელმწიფო მაღალჩნოსანი, ქართველ და ევროპელ ჟურნალისტებს არა, მაგარამ სამაგიეროდ, რუსულ მედიას სწყალობდა. ახლა, ეს დეტალი შეიძლება, არაფერზე მეტყვეელბს, მაგრამ მოგეხსენებათ, ეშმაკები სწორედ დეტალებში სხედან.
2010 წლის 10 დეკემბერს ინტერნეტპორტალი „ნეტგაზეთი“ აქვეყნებს სტატიას – „სად იძებნება ვანო მერაბიშვილი“, რომელშიც ნათქვამია:
„ვანო მერაბიშვილი – თუკი ამ სახელს და გვარს რუსულ ენაზე ჩაწერთ გუგლის საძიებო სისტემაში, საქართველოს შს მინისტრზე შესაძლებელია უფრო მეტი გაიგოთ, ვიდრე – ამ სახელისა და გვარის ქართულ ენაზე ჩაწერის შემთხვევაში.
რუსული „კომერსანტის“ ჟურნალისტი, წლის განმავლობაში, დაახლოებით ორ ინტერვიუს წერს მერაბიშვილთან; „ლენტა.რუ“-ზე ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიას გაეცნობით, „ეხო მოსკვისა“ და „რია ნოვოსტის“ გვერდზე შეგიძლიათ წაიკითხოთ ინტერვიუები ვანო მერაბიშვილთან. მოკლედ,
მერაბიშვილთან ინტერვიუს არაერთი რუსული მედია აქვეყნებს, თუმცა მათ შორის ყველაზე აქტიური რუსული „კომერსანტია“ (კომმერსანტ.რუ), რომლის ჟურნალისტი ოლგა ალიონოვა ვანო მერაბიშვილს 2009-2010 წლებში რამდენჯერმე ესტუმრა და, შესაბამისად, რამდენჯერმე გამოაქვეყნა მისი ინტერვიუ გაზეთსა თუ ინტერნეტ გვერდზე.
მერაბიშვილთან სასაუბრო თემა, მცირე გამონაკლისების გარდა, ერთია: რეფორმა, რომელიც შს სამინისტრომ განახორციელა და პოლიციის რეიტინგი საქართველოში, თუმცა კარიერაზე საუბარსა და მის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან ერთად, ვანო მერაბიშილი არ ერიდება პოლიტიკურ შეფასებებსაც. ის პოლიტიკურ განცხადებებსაც აკეთებს. ხშირად ქართული მედია პოლიციაზე სიახლეებს სწორედ რუსი ჟურნალისტების მიერ აღებული ინტერვიუდან იგებს ხოლმე. 2010 წელს, ვანო მერაბიშვილთან სულ მცირე ექვსი ინტერვიუ ჩაწერეს ჟურნალისტებმა. აქედან მხოლოდ ერთია ჩაწერილი ქართული მედიის მიერ: „ტელეიმედის“ ეთერში გასულ „სპეციალურ რეპორტაჟში“ (12 ნოემბერი, 2010 წელი) ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ ჩნდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხშირად რუსულ მედიაში, მერაბიშვილი პასუხობს, რომ ის ამ ფორმით მისი ქვეყნის პოპულარიზაციას ეწევა.
საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე, ვანო მერაბიშვილის ბიოგრაფიაში მითითებულია, რომ მინისტრი ფლობს ინგლისურ ენას. რუსული ენის ფლობაზე მთავრობის გვერდი არაფერს ამბობს, თუმცა იმაში დასარწმუნებლად, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი რუსულად საუბრობს, ის ინტერვიუებია საკმარისი, რომლებიც რუსულენოვან მედიებში ვრცელდება.
იშვიათია ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ინგლისურ ენაზე. ამერიკულ „ვაშინგტონ პოსტში“, „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „სი-ენ-ენ“-ზე, 2010 წლით დათარიღებულ მასალებს მინისტრზე ვერ იპოვით, ისევე როგორც – ბრიტანულ „გარდიანსა“ და „ბი-ბი-სი“-ზე. ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს ოფიციალური ინგლისურენოვანი გვერდი საძიებო სისტემაში ვანო მერაბიშვილს ძებნის, მაგრამ ყველაზე ახალი ინფორმაცია 2009 წლით თარიღდება. ბუშის საქართველოში ვიზიტი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება, მუხროვანის სატანკო ბატალიონის ინციდენტი და თბილისის მიტინგები ის თემებია, სადაც ვანო მერაბიშვილის კომენტარებს ვხვდებით. დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა „სი-ენ-ენ“-თან, „ნიუ იორკ ტაიმსსა“ და „ვაშინგტონ პოსტთან“ მიმართებაშიც.“
იმას, რომ მერაბიშვილის პოლიტიკური ბიოგრაფია ბურუსითაა მოცული, ერთი გარემოებაც მოწმობს: 2005 წლის 3 თებერვალს სწორედ მერაბიშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც, ყოველგვარი გამოძიებისა და ექპერტიზის გარეშე, საზოგადოებას ამცნო, პრემიერი ზურაბ ჟვანია და მისი თანმხლები პირი, რაულ უსუფოვი საბურთალოს ქუჩაზე მდებარე სახლში გაზით გაიგუდნენო. შს მინისტრს, წესით, ასეთი განცხადება არ უნდა გაეკეთებინა და, მინიმუმ, გამოძიების პირველად შედეგს დალოდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს, ვანოს რაღაც ამოძრავებდა. სწორედ მერაბიშვილის ეს განცხადება გახდა იმის საფუძველი, რომ ჟვანიას შესაძლო მკვლელობაზე ხმა დღემდე არ მინავლებულა. ასევე, საეჭვო იყო და არის მერაბიშვილის როლი ფოტოგრაფებისა თუ ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმებული სხვა ადამიანების საქმეებში. ზოგი სპეციალისტი ამბობს, რომ რუსი „ჯაშუშების“ დევნით ვანო, უბრალოდ, საკუთარი „ჩრდილოეთური ბეგრაუნდის“ დამალვას ცდილობდა. მართლა ასე იყო თუ არა, ამის თქმა მხოლოდ პოლიტიკურ ღმერთებსა და პოლიტიკური სამოთხიდან განდევნილ ანგელოზებს შეუძლიათ.
ახლა კი დაპირებული ინტერვიუ, რომელიც ჩემს პირად არქივში ინახება და რომელშიც აქცენტი ბევრ საინტერესო დეტალზეა გაკეთებული. აქვე, შეგახსენებთ, რომ რესპონდენტი, რომელსაც რამდენიმე წლის წინ შევხვდი, უშიშროების ორგანოებთანაა დაახლოებული:
„- საერთოდ, ძალიან რთულია, ადამიანს დაუმტკიცო, რომ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურის წარმომადგენელია. ეს დროში გაწელილი პროცესია და ისე არ ხდება, „ნაციონალები“ ადამიანს აგენტობას ერთ დღეში რომ უმტკიცებდნენ. ოპერატიულად საინტერესო პიროვნებაზე მუშაობა, შეიძლება რამდენიმე წელიც გაგრძელდეს. თუ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ პიროვნებას უცხოეთის სპეცსამსახურებთან კონტაქტი აქვს, მასზე ოპერატიული აღრიცხვის საქმე იქმნება.
– „ოპერატიული აღრიცხვის საქმე“ რას ნიშავს?
– არ შეიძლება, მკითხველმა დეტალები იცოდეს.
– არც იმას მეტყვით, ვანო მერაბიშვილისა და რუსეთის სპეცსამსახურის ურთიერთობაზე საფუძვლიანი ეჭვი პირველად როდის გაჩნდა?
– ალბათ, გახსოვთ, მერაბიშვილმა სკანდალური განცხადება ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, როცა პარლამენტის წევრი იყო და ამ განცხადებით, პრაქტიკულად, „მოქკავშირის“ დაშლა დაიწყო. არ გეგონოთ, რომ მერაბიშვილის მიმართ პირადი წყენა მაქვს… მერაბიშვილი პოლიტიკური მოღვაწეა და მასზე ოპერატიული ინფორმაცია არ იარსებებდა, მაგრამ სპეცსამსახურის თანამშრომლებს საიმისო ცოდნა აქვთ, რომ ადამიანში ის ნიშნები აღმოაჩინონ, რაც საინტერესოა.
– ერთი ნიშანი მითხარით, რომელიც მერაბიშვილის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ურთიერთობაზე მიანიშნებს…
– შეიძლება, დიქცია და გადმოცემის უნარი არ უვარგა, მაგრამ ჯერ კიდევ „მოქკავშირში“ მოღვაწეობისას საკმაოდ ინფორმირებული იყო. საერთოდ, სხარტი გონების ტიპია და ინფორმაციის მიღება-გადამუშავება, ამასთან, ამ ინფორმაციიდან მთავარის გამოყოფა შეუძლია.
ისე, იცით, საქართველო რამ დაღუპა და “ნაციონალებმა” ტოტალიტარული სისტემა როგორ შექმნეს?
– როგორ?
– როგორ და, – ბალანსის დარღვევით. შსს-სა და უშიშროების სამსახურების ერთად ყოფნა არ შეიძლება, რადგან ასეთ დროს ორივე უწყება ერთიანი აგენტურული ქსელით სარგებლობს, რაც უშიშროების სამსახურს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს. „ნაციონალებმა“, კერძოდ, მერაბიშვილმა უშიშროების სამსახურის, პრაქტიკულად, ლიკვიდაცია მოახდინა და მისი ფუნქცია მხოლოდ იდეოლოგიის შექმნაღა იყო. კონტრდაზვერვამ მეორე პლანზე გადაინაცვლა. არადა, უშიშროება, სინამდვილეში, კონტრდაზვერვაა…
მნიშვნელოვანი რგოლია სამხედრო კონტრდაზვერვაც, მაგრამ „ნაციონალებმა“ გააუქმეს და ის საბჭოთა სპეცსამსახურებგამოვლილთა ხელში მოაქციეს.
სხვათა შორის, სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ვანო მერაბიშვილი ვიქტორ შეიმანს დააკავშირა.
– შეიმანი ვინაა?
– შეიმანი ბელორუსიის უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, საბჭოთა უშიშროების ყოფილი თანამშრომელი და „ეფ-ეს-ბე“-ს ყოფილი ხელმძღვანელის, სერგეი პატრუშევის მეგობარია. შეიმანი, როგორც ვიცი, რუსებთან რუსია, ებრაელებთან – ებრაელი…
– თქვენი ინფორმაციით, თემურ ალასანიამ ვანო მერაბიშვილი შეიმანს რა მიზნით დააკავშირა?
– ერთობლივი საქმიანობის, ანუ იარაღით უკანონო ვაჭრობის მიზნით. დიახ, არსებობს ეჭვი, რომ იარაღით უკანონო ვაჭრობაში ვანო მერაბიშვილიც იყო ჩართული. 2009 წლის თებერვალში „ბელტრეიდინგმა“ შსს-ს ისეთი საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა შემოუტანა, რომელიც შსს-ს არ სჭირდება. მაგალითად, ფეხოსანთა მინები, ასაფეთქებელი საშუალებები…
– თუკი ყველაფერი ის, რასაც ამბობთ, საფუძვლიანია, აბა, „ნაციონალების“ ანტირუსული კამპანია რითი უნდა ავხსნათ?
– არ ვამბობ, რომ თანამშრომელი იყო, თუმცა საამისო ნიშნები არსებობს. რაც შეეხება ანტირუსულ ისტერიას, ფილოსოფიაში დაპირისპირებულთა ბრძოლისა და ერთიანობის კანონი არსებობს – იმისთვის, რომ რუსეთმა პოსტსაბჭოურ ქვეყნებში თავისი მიზნები შეასრულოს, შიგნიდან გამაღიზიანებლები სჭირდება. ეს გაღიზიანება კი, რიტორიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული, ანუ მტკიცების მიუხედავად, დასავლეთისკენ მივდივართო, „ნაციონალები“ რუსეთის საქმეს აკეთებდნენ…
– მაშასადამე, ამერიკული სპეცსამსახურები, მინიმუმ, არაპროფესიონალები არიან, რადგან „ნაციონალების“ რუსული თამაშებითავიდანვე ვერ გაშიფრეს…
– არსებობს ორი მეგობარი ქვეყანა, მაგრამ არ არსებობს ორი მეგობარი სპეცსამსახური. ისე, გგონიათ, რომ აშშ-ის სპეცსამსახურმა ყველაფერი იცის, რაც დედამიწის ზურგზე ხდება? ისიც საგულისხმოა, რომ აშშ-ის სპეცსამსახური საქართველოში აქტიურად 2004 წლიდან შემოვიდა…
– …ვანო მერაბიშვილს ლევან მაისურაძის სახელზე გაცემული პასპორტი რისთვის სჭირდებოდა?
– პიროვნებას, რომელზეც მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველოს შს მინისტრია, ე.წ. შენიღბვითი პასპორტი არ სჭირდება, მაგრამ ამ პასპორტით მერაბიშვილი, მაგალითად, სომხეთსა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში საიდუმლო შეხვედრებზე დადიოდა და არ უნდოდა, რომ საზღვარზე დაფიქსირებულიყო.
– მხედველობაში რა საიდუმლო შეხვედრები გაქვთ?
– ეს შეხვედრები შეიძლება, იარაღით უკანონო ვაჭრობასთან იყო დაკავშირებული… საერთოდ, იარაღის უკანონო ბიზნესში ყველა ის პირი იყო ჩართული, ვინც თავდაცვის სამინისტროს ბოლო 9-10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მაგრამ მერე, ერთმანეთს, როგორც ჩანს, ფულის გამო დაუპირისპირდნენ…
– მუხროვანის ამბოხის დროს მოკლულ გია კრიალაშვილს იარაღით ვაჭრობასთან რა კავშირი ჰქონდა?
– გია უკრაინაში სამხედრო ატაშე იყო. სამხედრო ატაშე ის პიროვნებაა, რომელიც ორი ქვეყნის სამხედრო სტრუქტურებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამიტომ, კრიალაშვილს იარაღით ვაჭრობაზე აბსოლუტური ინფორმაცია ჰქონდა და განაცხადა კიდეც, ბულგარეთიდან შემოტანილი ტყვია-წამალი უხარისხოაო.
– გამოდის, რომ ვანო მერაბიშვილს გია კრიალაშვილის ეშინოდა?
– დიახ. საერთოდ, მერაბიშვილმა ყველა, ვინც ინფორმირებული იყო, მოიცილა…“
***
საპყრობილის დატოვების შემდეგ, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკურად თითქოს აღარ აქტიურობდა. ყოველ შემთხვევაში, ავანსცენაზე ღიად არ ჩანდა, თუმცა გასული წლის მიწურულს, როცა ენმ-ს ერთმა ჯგუფმა მოულოდნელად საჯარო განცხადება გააკეთა, ნიკა მელიას „დაარტყა“ და ყოფილ მმართველ პარტიაში თავმჯდომრის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა, ითქვა, რომ ყველაფერ ამის უკან, თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილთან ერთად, ვანო მერაბიშვილიც იდგა. სხვათა შორის, ბატონმა მელიამ რამდენჯერმე პირდაპირაც მიანიშნა, რომ ენმ-ში გავლენის დაბრუნებას სწორედ კეზერაშვილ-მერაბიშვილის კლანი ცდილობს. ამასთან, ისიც საგულისხმოა, რომ მოარული ხმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნებაში თავის დროზე, თურმე, მერაბიშვილმა დაარწმუნა. ამის შესახებ თავად მიშას მინიშნებითაც არაფერი უთქვამს, მაგრამ თუ პოლიტიკაში და, საერთოდ, ცხოვრებაშიც სიტყვებზე მეტად მნიშვნელოვანი ქმედებაა. ამ კონტექსტში, შესაძლოა, ერთი კითხვა დაისვას – რა ნაბიჯები გადადგა მერაბიშვილმა სააკაშვილის პატიმრობიდან დასახსნელად?
მოდით, მარჩიელობა არ დავიწყოთ და ეს კითხვა რიტორიკულად დავტოვოთ. აქვე, ციხიდან გამოსული ვანო მერაბიშვილის ერთი ფრაზაც გავიხსენოთ, რომელიც ვითომ ხუმრობით „ვანოს შოუში“ სტუმრობისას თქვა, არანაირი თანამდებობა არ მინდა, ჩრდილიდან მართვა უკეთესიაო…
ავტორი: ვანო პავლიაშილი
წყარო:metronome.ge