ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი მზადაა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისია ამოქმედდეს.
ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სომხეთი მიისწრაფვის, რომ ასეთი მისია ეფექტური იყოს.
„ეს მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისთვის და რეგიონისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ განხილვას ამ მიმართულებით“, – განაცხადა ფაშინიანმა.
მისივე განმარტებით, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიების გათანაბრება არ შეიძლება.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას აქვს სომხეთის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება, ხოლო სომხეთს აქვს ვალდებულება, რომელიც მან შეასრულა 2022 წელს ყაზახეთში განვითარებული მოვლენების დროს“, – განაცხადა ფაშინიანმა.