ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტმა დავით ქაშიაშვილმა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა, განაცხადა, რომ გამოძიებისთვის დამატებითი დეტალები არ მიუწოდებია.
მან აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს წყაროს გამჟღავნების საფრთხე, ხოლო მისი პროფესიული ვალდებულებაა, წყაროს კონფიდენციალობა დაიცვას.
“დამატებით არცერთი დეტალი მე არ მითქვამს, ვისარგებლე ჩემი პროფესიული ვალდებულებითა და ეთიკით, იმიტომ, რომ არსებობს ძალიან მაღალი საფრთხე წყაროს გამჟღავნებისა. ოქმში ჩვენი სურვილი დავაფიქსირეთ ჩემი ხელმოწერით და დავტოვეთ საგამოძიებო უწყებაში.
წყარო არის სანდო, გადამოწმებული და არის საგამოძიებო უწყებიდან.
კითხვა არ დასმულა, მე და ადვოკატმა განვუმარტეთ, რომ მიზეზთა გამო დამატებით ინფორმაციას ვერ გავცემდით. ამ ინფორმაციის გაცემის საშუალება რომ მქონოდა, ჩვენსავე რეპორტაჟში მოვყვებოდით.
მთელი რიგი საკითხები წყაროს მიერ მოწოდებული, ეთერში შეგნებულად არ მოვყევით,”-განაცხადა დავით ქაშიაშვილმა.
ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტის გამოკითხვა უკავშირდება თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს და ამ საქმეზე დავით ქაშიაშვილის ინფორმაციას, რომელიც მას სანდო წყარომ მიაწოდა.
ჟურნალისტის ვერსიის თანახმად, ბაჩალიაშვილი ფლობდა კონფიდენციალურ ინფორმაციას სამ მაღალჩინოსანთან დაკავშირებით, თუმცა ვინ არიან ეს პირები, ამ დრომდე გასაიდუმლოებულია.
“რუსთავი2”