დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი დომინიკ რააბი თანამშრომლების მიმართ შეურაცხყოფის ბრალდებების გამო გადადგა.
„ბიბისის“ ცნობით, დამოუკიდებელმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ორი თანამშრომლის ბრალდება, რააბის მხრიდან შეურაცხყოფისა და ჩაგვრის თაობაზე, მართლზომიერია.
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერს ანალოგიურ მოპყრობაში სულ 24 თანამშრომელი ადანაშაულებს. გამოძიება რვა ბრალდებას იძიებს.
„ბიბისის“ ცნობით, გამოძიების მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ იუსტიციის სამინისტროში მუშაობისას რააბი აგრესულად იქცეოდა, თანამშრომლების დაშინებას ცდილობდა და არაკონსტრუქციულ, შეურაცხმყოფელ კომენტარებს აკეთებდა თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოს მიმართ.
თავად რააბი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ გამოძიების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „საშიშ პრეცედენტს“ ქმნის. მისივე განცხადებით, „მომავალში უკმაყოფილო თანამშრომლები არასასურველი მინისტრებისგან გათავისუფლება ჩაგვრაში უსაფუძვლო ბრალდების დახმარებით შეძლებენ“.
„მინისტრებს უნდა ჰქონდეთ უფლება, კრიტიკული რეაგირება მოახდინონ თანამშრომლების საქმიანობაზე“, – წერს რააბი „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ ღია წერილში, რომლითაც მან დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს გადადგომის თხოვნით მიმართა.
სუნაკმა დომინიკ რააბის მოთხოვნა უკვე დააკმაყოფილა და ის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
რააბი უკვე მესამე მინისტრია სუნაკის მთავრობაში, რომელიც სხვადასხვა სკანდალის გამო იძულებული გახდა გადამდგარიყო