ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქინ განგის განცხადებით, ტაივანი ისტორიულად ჩინეთის განუყოფელი ნაწილია. ამის შესახებ მან შანხაიში მოდერნიზაციის საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ტაივანი უძველესი დროიდან იყო ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და სრუტის ორივე მხარე ჩინეთს ეკუთვნის. ეს არის ტაივანის ისტორია და ეს არის ტაივანის სტატუს-კვო. ტაივანის დაბრუნება ჩინეთში არის ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც შავ-თეთრად არის დაწერილი კაიროსა და პოტსდამის დეკლარაციებში“, – აცხადებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისივე თქმით, რამდენიმე ქვეყანა და სეპარატისტული ძალები ცდილობენ შეცვალონ სტატუს-კვო.
„ეს მიუღებელია 1,4 მილიარდი ჩინელისთვის. ჩინეთი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღდგენილი ტერიტორიის არცერთ ნაწილს არ დაკარგავს და ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგი არ შეიცვლება“, – აცხადებს მინისტრი.