ომის საწყის ეტაპზე ხერსონის სწრაფი დაცემის მიზეზი უკრაინის უსაფრთხოების მაღალჩინოსნის მხრიდან ღალატი გახდა. ამის შესახებ გამოცემა Politico წერს.
სტატიის ავტორების მტკიცებით, რუსეთს ხერსონის აღებაში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ყირიმის სამმართველოს ხელმძღვანელი, ოლეგ კულინიჩი დაეხმარა.
აპრილში უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიურომ და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კულინიჩის მიმართ გამოძიება დაასრულეს. გამოძიების ვერსიით, კულინიჩი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურზე (ეფესბე) მუშაობდა, მათ შორის ესწრებოდა უმაღლესი დონის გასაიდუმლოებულ შეხვედრებს და გადასცემდა რუსულ მხარეს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
გამოძიების ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ პირველ საათებში კულინიჩი გამიზნულად ბლოკავდა ქვეყნის ხელმძღვანელების რეალური ვითარების შესახებ ინფორმირების ნებისმიერ მცდელობებს, ამასთანავე, არ იღებდა არანაირ ზომებს უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად და პირად შემადგენლობას სამსახურის ადგილების დატოვება უბრძანა.
ოლეგ კულინიჩი სახელმწიფო ღალატის ბრალდებით გასული წლის ივლისში დააკავეს. გამოძიებათა სახელმწიფო ბიურომ და უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნეს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, რომლებზეც კულინიჩი მასა და „ეფესბეს“ შორის ერთ-ერთ შუამავალს, ვლადიმირ სივკოვიჩს ესაუბრება. ვლადიმირ სივკოვიჩი უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილეა, რომელმაც უკრაინა 2014 წელს, „მაიდნის“ დროს დატოვა და რუსეთში გაიქცა.
ცნობილია, რომ კულინიჩი მოსკოვში, „ეფესბეს“ აკადემიაში სწავლობდა, სადაც მისი თანაკურსელი ანდრეი დერკაჩი იყო – კიდევ ერთი პრორუსი უკრაინელი დეპუტატი, რომელსაც აშშ-მა არჩევნების ჩარევის გამო სანქციები დაუწესა.
უკრაინის გამოძიებათა სახელმწიფო ბიუროს ცნობით, კულინიჩის ერთ-ერთი მიზანი უკრაინის ხელისუფლებაში აგენტების ჩანერგვა იყო. სულ მცირე 2019 წლის მაისიდან კულინიჩს ჰქონდა წვდომა სახელმწიფო საიდუმლოებასთან და არაოფიციალურად კურირებდა კონტრდაზვერვის განყოფილებას. გამოძიების ვერსიით, სივკოვიჩის მითითებით, კულინიჩმა საკუთარი კადრები უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სხვადასხვა მმართველ თანამდებობაზე დანიშნა. გარდა ამისა, ის რეგულარულად აწვდიდა ხელმძღვანელობას დეზინფორმაციას რუსული სპეცსამსახურების ზრახვების შესახებ.
ზელენსკიმ კულინიჩი თანამდებობიდან გასული წლის მარტში გაათავისუფლა, რის შემდეგაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ივან ბაკანოვმა კულინიჩი თავის მრჩევლად დანიშნა. გასული წლის ივლისში, კულინიჩის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ივან ბაკანოვიც გაათავისუფლა.