6 ივლისიდან 31 ივლისამდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
„29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. სესხების ახალი გაცემები თვის დასაწყისიდან ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია. თბილისში ბინების გაყიდვის რეგისტრაციის ზრდის 7 დღის მაჩვენებელი 2019 წლის ნიშნულს უახლოვდება და ამჟამად წ/წ -6%-ს შეადგენს, წინა კვირის -18%-თან შედარებით“, — ნათქვამია კვლევაში.
თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია „კომერსანტთან“ საუბრისას აცხადებს, რომ შედარებით დაბალშემოსავლიან სეგმენტზე უფრო მეტია კრიზისის დარტყმა, ვიდრე იმ სეგმენტზე ვინც იპოთეკური დაკრედიტებით სარგებლობს და შეიძლება ესეც განვიხილოთ იპოთეკური სესხების გაცემის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად.
„იპოთეკური სესხების ბაზარზე ჩვენი მოლოდინები პოზიტიურია. ვფიქრობთ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა კიდევ უფრო წაახალისებს არსებულ ბაზარს. ეს იმით არის გამოწვეული, რომ უძრავი სექტორის ფასების მხრივ კრიზისამდე არ გვქონია ე.წ გადახურება. ასევე, თავის მხრივ საბანკო სექტორი მაქსიმალურად უწყობს ხელს რომ დაკრედიტება გაიზარდოს. დასაქმებას რაც შეეხება, ჯერჯერობით მართალია სამწუხარო სიტუაციაა, თუმცა გაუმჯობესებას ველოდებით. ამასთან, შედარებით დაბალშემოსავლიან სეგმენტზე უფრო მეტია დარტყმა, ვიდრე იმ სეგმენტზე ვინც იპოთეკური დაკრედიტებით სარგებლობს და შეიძლება ესეც განვიხილოთ სესხების ზრდის ერთ-ერთ ფაქტორად. ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რასაც ამ ბაზრის დინამიკა განაპირობებს. მიმდინარე სტატისტიკის მხრივ ასევე უნდა გავითვალისწინოთ დიდწილად ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ფორმირებული გადადებული მოთხოვნა და ასევე იანვარ-თებერვლის დაბალი სეზონური ეფექტი, თუმცა სექტორზე ოპტიმისტურ მოლოდინებს ეს მაინც ვერ ცვლის. ჩვენი აზრით, ბინათმშენებლობის სექტორი ისედაც აღდგებოდა, უბრალოდ მთავრობის ახალი ინიციატივით, რაც სესხების გაცემებში მხოლოდ ახლა გამოჩნდება, სექტორის აღდგენა უფრო ადრე მოხდება. იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბანკებისთვისაც პოზიტიურია, თუმცა მთავარი გათვლა მაინც სამშენებლო სექტორზე და ზოგადად ეკონომიკაზეა“, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
“კომერსანტი”