BAG ბიზნესის კლიმატის ინდექსმა აღმასვლის მეოთხედში გადაინაცვლა

2020 წლის მეორე კვარტლის დასასრულს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსმა „რეცესიის“ მეოთხედიდან (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, ნეგატიური მოლოდინი) „აღმასვლის“ მეოთხედში (ნეგატიური მიმდინარე მდგომარეობა, პოზიტიური მოლოდინი) გადაინაცვლა.

 

ეს იმას ნიშნავს, რომ ივნისის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის ასასოციაციის წევრებმა თავიანთი მიმდინარე მდგომარეობა კვლავ უარყოფითად, თუმცა მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი პოზიტიურად შეაფასეს. კერძოდ, ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის მაჩვენებელმა -12.3 ქულა, ხოლო ბიზნესის მოლოდინის მაჩვენებელმა _ 12.2 ქულა შეადგინა (იხ. გრაფიკი). მიმდინარე მდგომარეობის ნეგატიური შეფასების მიუხედავად, მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგები გაუმჯობესებულია აპრილთან შედარებით, როცა მიმდინარე მდგომარეობა მკვეთრად ნეგატიურად (-44.5 ქულით) შეფასდა. საგრძნობლად არის გაუმჯობესებული მომდევნო ექვსი თვის მოლოდინიც. კერძოდ, აპრილში ჩატარებულ გამოკითხვის საფუძველზე, ასოციაციის წევრების მოლოდინის საშუალომ-47.4ქულა შეადგინა.

2020 წლის II კვარტალში, სექტორებს შორის, BAG ბიზნესკლიმატის მაჩვენებელი მხოლოდ ვაჭრობის სექტორისთვის არის დადებითი. მიმდინარე მდგომარეობა უარყოფითად შეფასდა სამ სექტორში – მრეწველობაში, მომსახურებასა და მშენებლობაში. ხოლო მომდევნო ექვსი თვის მოლოდინი მხოლოდ მშენებლობის სექტორში შეფასდა უარყოფითად. მეორე კვარტლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, მოლოდინი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ვაჭრობისა და მომსახურების სექტორებში. დადებითი ტრენდია მშენებლობის სექტორშიც (მიუხედავად ნეგატიური მოლოდინისა). ხოლო მრეწველობის სექტორში ამჟამად არსებული მოლოდინი ნეიტრალურია.

ცხრილი: საბალანსო მნიშვნელობები სექტორების მიხედვით 2020 წლის II კვარტალში 

BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი, რომელიც გამოითვლება BAG-ის წევრი კომპანიების გამოკითხვის საფუძველზე, აღწერს მიმდინარე მდგომარეობას და ბიზნესის მოლოდინებს მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში. BAG ბიზნეს კლიმატის ინდექსი წარმოადგენს მიმდინარე მდგომარეობას და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინების საბალანსო მნიშვნელობების საშუალოს. BAG-ის ბიზნეს კლიმატის ინდექსის მნიშვნელობა შესაძლოა იყოს -100-სა და +100-ს შორის. +100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს აფასებს დადებითად, ხოლო -100 ნიშნავს, რომ ყველა გამოკითხული ბიზნესი მიმდინარე მდგომარეობას და მოლოდინს აფასებს უარყოფითად.

BAG ინდექსის კვლევის ფარგლებში, გარდა მიმდინარე მდგომარეობისა და მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შეფასებისა, BAG-ის წევრი კომპანიები, ასევე, აფასებენ გაყიდვების ფასების, გაყიდვების/ბრუნვის/მოთხოვნისა და დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას გასულ კვარტალში  და მოლოდინს მომდევნო კვარტლისათვის. ასევე BAG-ის წევრები ასახელებენ მათი ბიზნეს საქმიანობისთვის ხელისშემშლელ ფაქტორებს, აფასებენ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, აჯამებენ თავიანთ საინვესტიციო გეგმებს და აფიქსირებენ ლარის გაცვლით კურსის შესახებ არსებულ მოლოდინს. სწორედ ამიტომ, BAG ინდექსი წარმოადგენს საქართველოში ბიზნეს გარემოს შეფასების მნიშვნელოვან ინდიკატორს, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციადა PMCG კვლევითი ცენტრი IFO ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით აწარმოებს. BAG ინდექსის წარმოება საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 2019 წელს დაიწყო.  BAG ინდექსი ყოველ კვარტალურად ქვეყნდება და იგი საზოგადოებას აცნობს დროის კონკრეტულ მომენტში ბიზნეს წრეებში არსებულ განწყობასა და ბიზნესის მოლოდინს.

კვლევის ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

“კომერსანტი”