რუსული ყოველთვიური ჟურნალის „გოროდ-812“-ის («Город-812») ივლისის ნომერში, რომელიც იბეჭდება ქალაქ სანკტ-პეტერბურგში, გამოქვეყნდა სტატია სათაურით „საქართველოს მთები, სადაც ცოტა ვინმე თუ არის ნამყოფი… არადა, უნდა ეწვიოთ“, სტატიის ავტორი – ოლეგ მუხინი.
„ალბათ, ოდესმე გაიხსნება კორონავირუსის გამო დახურული რუსეთ-საქართველოს საზღვარი და იქ დაუყონებლივ გამგზავრება ათასობით რუსეთის მოქალაქე. მათი ძირითადი რაოდენობა, ალბათ, თბილისს, მცხეთას და ბათუმს მოინახულებს, მაგრამ, თუ ნამდვილად გინდათ ქართული კოლორიტი და ეგზოტიკა, მთებში უნდა ახვიდეთ. ამ სტრიქონების ავტორი საქართველოში წელიწადნახევარი ცხოვრობდა, ქვეყნის ყველა მხარე დაათვალიერა, ბევრი რამ გაიგო და უამრავი ფოტოსურათიც გადაიღო.
საქართველო განთქმულია თავისი მარადთოვლიანი და უღრანი ტყით მოსილი მთებით. ამ პატარა კავკასიურ ქვეყანაში არის მცხუნვარე უდაბნოც, ღრმა ხეობებიც და შავიზღვიპირა სუბტროპიკებიც, რომელიც სოხუმის დაკარგვის შემდეგ ბათუმთან ასოცირდება. დღეს ბათუმში ცათამბჯენებია აგებული, რომლებშიც უამრავი ბინა რუსეთის მოქალაქეებს აქვთ შეძენილი. საქართველოს მთებში კი ჯერ კიდევ შეხვდებით ნამდვილ, „ლერმონტოვისეულ“ ქართველებს“. ტურიზმის განვითარების კვალობაზე, დღეს ბევრ თბილისელს სურს მთებში დაბრუნება, მათი წინაპრების საცხოვრებელში“, – ნათქვამია ვრცელი პუბლიკაციის შესავალში.
ავტორი თანმიმდევრულად აცნობს მკითხველს საქართველოს მთიან რეგიონებს, მოსახლეობის ეთნოგრაფიულ თავისებურებებს, ეგზიტიკას და ბუნების პეიზაჟებს.
სვანეთი, სხვებთან შედარებით იოლად მისადგომია – არის ავტოგზა, აეროპორტი… 1990-იან წლებში სვანეთში კრიმინალი მეფობდა, დღეს კი ტურიზმის ერთ-ერთი ცენტრია – თავისი სამთო-სათხილამურო ბაზებით, უძველესი კოშკებით, ეკლესია-მონასტრებით და სამზარეულოთი: სვანები ამზადებენ უგემრიელეს კუპდარს – ხორციან ღვეზელს.
თუშეთი. საქართველოს ამ მთიან რეგიონშია გადარებული ყველასათვის ცნობილი ფილმი მიმინო. ამჟამად თუშეთში რამდენიმე სოფელია აღდგენილი და რესტავრირებული. ომალო მათგან ყველაზე პოპულარულია ტურისტებს შორის. ომალოსთან ერთად უნდა ნახოთ შენაქო და დართლო. კორონავირუსამდელ წლებში ამ სოფლებში უამრავი ტურისტი დადიოდა. თუშეთისაკენ მიმავალი საავტომობილო გზა მსოფლიოში ერთ-ერთ სახიფათო გზად ითვლება, ამიტომაც რეგიონი რთულად მისადგომია. ზამთრობით ბევრი მაცხოვრებელი ბარში ბრუნდება და აქაურ სიმშვიდეს მხოლოდ იშვიათად თუ არღვევს ვერტმფრენის ხრახნების ხმა..
ხევსურეთში ყველაზე მნიშვნელოვან ღირშესანიშნაობას სოფლები შატილი და მუცო წარმოადგენენ, სადაც დათვიჯვრის უღელტეხილზე გამავალი გზით მოხვდებით. დღეისათვის საავტომობილო გზის კაპიტალური რემონტი მიმდინარეობს. დაგეგმილია სრულფასოვანი ავტობანის მშენებლობაც, მაგრამ საეჭვოა უახლოეს ხანში მისი რეალიზება მოხდეს…
პუბლიკაციაში აღწერილია სვანების, თუშების, ხევსურების ტრადიციები, რელიგიური დღესასწაულები. ავტორი განსაკუთრებული ყურადღებას უთმობს ათენგენობის დღესასწაულს, რომელიც ხევსურეთში ზაფხულობით ტარდება ხოლმე.
„როდის გაიხსნება რუსეთთან საზღვარი? საქართველოში ჯერ-ჯერობით ამის შესახებ არაფერს ამბობენ. წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც ოქტომბერში უნდა გაიმართოს. და რადგანაც მმართველი პარტია ამ საკითხის პოლიტიკურ გათამაშებას არ აპირებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნებამდე საზღვარი არ გაიხსნება. პრინციპში, ტურისტული სეზონი უკვე მალე დასრულდება და საჩქაროც არაფერია. გარდა ამისა, ქართველებს საამაყოდ ისიც ეყოფათ, რომ მათ კორონავირუსის შეტევას წარმატებით გაუძლეს, მინიმალური მსხვერპლით“, – წერს ავტორი სტატიის დასასრულს.
მოამზადა: სომონ კილაძემ
წყარო: firstnews.ge