„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავის ფლანგი არ არსებობს, პარტია ერთი, ჯანსაღი ნაწილია და ფლანგებად დაყოფა მისთვის მიუღებელია.
რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციაში გაკეთებულ განცხადებას, რომ ლევან ხაბეიშვილმა ოთხი პირი პარტიული სიიდან ამოიღო, ბოტკოველის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება პარტიის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზეა მიღებული.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ასეთი გადაწყვეტილება მიუღია პარტიის წინა მენეჯმენტსაც, იმის წინა მენეჯმენტსაც და ნებისმიერ პარტიაში მიიღება გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღების შესახებ, რის რეკომენდაციასაც გასცემს პარტიის საქალაქო, თუ რაიონული ორგანიზაცია. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პარტიის დაგეგმილ ღონისძიებებში არ იღებენ მონაწილეობას და პარტიის მიმართ გამოირჩევიან ლანძღვითი ფორმით. ეს ადამიანები ახლა კი არ ამბობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი არ უნდა იყოს თავმჯდომარე, არჩევნების პროცესში ამბობდნენ, არ უნდა იყოს თავმჯდომარეო, მაგრამ უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ ლევან ხაბეიშვილი ყოფილიყო და გახდა თავმჯდომარე. პარტიას აქვს შესაბამისი დისციპლინა, შესაბამისი წესი, ამ დისციპლინის და წესის მიხედვით მოქმედებს პარტია. ბაჩო დოლიძის მხარდაჭერით გამოირჩევიან თუ მელიას მხარდაჭერით, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, პარტიის საქალაქო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველე მიიღო პარტიამ ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.
ბოტკოველის განმარტებით, არავის არავისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა არ შეუწყვეტია და კარი არ დაუკეტავს, მაგრამ შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე, პარტიამ მოიღო გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით.
„ყოველდღიურად ვსაუბრობთ და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არის„ ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის გუნდის წევრი, ჩართული იყოს პროცესში, იმ ბრძოლაში, რომელშიც ჩართულია „ნაციონალური მოძრაობა“. არავის არავისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა არ შეუწყვეტია, არავის არავისთვის კარი არ დაუკეტავს, მაგრამ შესაბამისი რეკომენდაციის საფუძველზე მოიღო გადაწყვეტილება კონკრეტული ადამიანის სიიდან ამოღებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გიორგი ბოტკოველმა.