მინდა, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანადგომა, ვუთხრა მათ, რომ მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას, გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აქაც ცდილობენ, აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თხოვნით მიმართავს მშობლებს, ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.
„სამწუხაროდ, ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ ვნებათაღელვას, რომელიც შექმნილია აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების საკითხთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრმა, მისმა მოადგილემ, ძალიან ავტორიტეტულმა ექიმებმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, ყველამ გააკეთეს, ვფიქრობ, ამომწურავი კომენტარი, მათ განმარტება მისცეს როგორც ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ბავშვების ოჯახებს, მშობლეებს, ბატონი მინისტრი შეხვდა თავად, მისი მოადგილეც, არაერთი საუბარი შედგა მათთან, საჯაროდაც გაკეთდა რამდენიმე დღის განმავლობაში ვრცელი კომენტარი, ჯერ კიდევ რჩება კითხვები. სამწუხაროდ, ნახეთ, რომ გაუგონარი რამ ხდება. უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები, რომლებიც გამოირჩევიან სიყალბითა და ფარისევლობით, აქაც ცდილობენ, ეს უმწიკვლო, უმწეო ბავშვები დაიყენონ წინ და აწარმოონ პოლიტიკური კამპანია.
პირველ რიგში, მინდა, აქონდროპლაზიის დაავადების მქონე ბავშვების მშობლების მიმართ გამოვხატო ჩვენი სრული თანადგომა. მინდა, ვუთხრა მათ, რომ ჩვენ, მთავრობა, სახელმწიფო მათ გვერდით დგას და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც საჭიროა, მაგრამ მინდა, მათ ვთხოვო, ნუ გამოაყენებინებენ თავს და ნებსით თუ უნებლიედ ნუ მიიღებენ ამ პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობას.
ჩვენ კარგად გვესმის და მინდა, ყველას შევახსენო, რომ არავის არ გახსენებია, არცერთ პოლიტიკოსს, რომელიც ჩართული არის ამ კამპანიაში, ამ ბავშვების ბედი, არ გახსენებიათ მათი ბედი, არც არაფერი, არც მაშინ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, არც მაშინ, როდესაც არიან ოპოზიციაში. გასაგებია, ძალიან მარტივად შეიძლება ამის ახსნა, რომ ცდილობენ, ყველა უბედურება, ყველა განსაცდელი, თუ გაჭირვებაში მყოფი ადამიანის ბედი გამოიყენონ საკუთარი პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ეს არის ამორალური საქციელი, ეს არის უზნეობა, ესა არის ყველაზე ზნედაცემული ქმედება, რომელიც ადამიანმა შეიძლება იკადროს, როცა ვუყურებთ, ამ იშვიათი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანთა ჩართულობით ცდილობენ, გარკვეულ პოლიტიკურ დივიდენდებს და მიზანს მიაღწიონ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.