საგამოძიებო კომისიის შექმნა რაღაც სტრატეგიად აქციეს, პარლამენტში არასდროს არაფერი უკეთებიათ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით და უნდათ, როგორმე თავი გამოიჩინონ, კომისია შექმნან, რომელიც ამ სკანდალურ თემებს წამოწევს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას მყარი საფუძველი უნდა გააჩნდეს.
„არ მგონია, რომ პროკურატურა უნდა ჩაანაცვლოს საგამოძიებო კომისიამ, რომელსაც ეს უსაქმური ადამიანები ჩაუდგებიან, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თავის პოლიტიკურ გეგმას მიაღწიონ და აქედან დივიდენდი მიიღონ. საპარლამენტო კომისიის შექმნას უნდა გააჩნდეს გარკვეული მყარი საფუძველი განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დანაშაული სახეზეა და ამ დანაშაულზე შესაბამისი უწყება არ რეაგირებს“, – განაცხადა ვოლსკიმ.