ამერიკულმა კომპანიამ Apple დაადასტურა, რომ ახალი iPhone-ების გაყიდვები წელს რამდენიმე კვირის დაგვიანებით დაიწყება, ვიდრე აქამდე იყო დაგეგმილი. აღნიშნულის შესახებ პორტალი The Verge კომპანია Apple-ის ფინანსურ დირექტორზე ლუკ მაესტრიზე დაყრდნობით წერს.
პორტალის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მაესტრის ტელეკონფერენციის დროს გააკეთა, რა დროსაც ხვდებოდა ინვესტორებს. „შარშან ჩვენ ახალი პროდუქციის გაყიდვები სექტემბრის ბოლოდან დავიწყეთ, წელს კი რამდენიმე კვირის დაგვიანებით დავიწყებთ“ – განაცხადა მან.
როგორც წესი კომპანია iPhone-ების განახლებულ ხაზს სექტემებრის შუა რიცხვებში წარადგენს, ხოლო გაყიდვებს თვის ბოლოდან. გაზეთი The Wall Street Journal მანამდე წერდა, რომ Apple სიახლის პრემიერის გადადებას პანდემიის გამო 1 თვით გეგმავდა.
კიდევ უფრო ადრე პორტალი Business Insider წერდა, რომ Apple წელს გეგმავს მე-12 თაობის სმარტფონის ოთხი ვარიანტის წარდგენას, რომელთაც ექნებათ 5G ქსელის მხარდაჭერა და OLED-ეკრანები. Apple Insider-ის ინფორმაციით, მათ ეწოდებათ iPhone 12, iPhone 12 Plus, iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max.
წყარო: bpn.ge