სოსო მანჯავიძის პოსტი შალვა ნათელაშვილის ინტერვიუზე, რომელიც მან ტვ პირველის ეთერში, ეკა მიშველაძეს მისცა.
“სინდისის ქენჯნას განვიცდი რაც შალვა ნათელაშვილის გამოსვლას ვუყურე ტვ პირველზე! უკუვიხმე ჩემი კრიტიკული დამოკიდებულება!
ეს იყო, წესიერების, უანგარობის, პატრიოტიზმის აპოგეა!
თვით მომხიბლველმა და კდემამოსილად დეკოლტირებულმა მზეთუნახავმა ეკა მიშველაძემაც კი ვერ დააოკა მართალი რისხვით აღტყინებული ქართული პოლიტიკის პატრიარქი!
25 წელია ამაოდ ააქვს რეიტინგის ლოდები მაღლა როგორც სიზიფეს, მაგრამ ამერიკელი ოლიმპოელი ისევ დაღმართზე უგორებს.
და აჰა! აღივსო ფიალა მოთმინებისა, აღლესა მახვილი მხილებისა და ფერდში უგმირა ზევსსა! ტიტანებისა და ღმერთების ომი დაიწყო!
პირველი მსხვერპლი ზევსის მთავარი იარაღის, მეხი-აირაის დამიწება იყო.
როგორ აკადრეს ბიძინასთან თანაბარი რეიტინგი? ან არ იციან, რომ პირველ ადგილზეც ლეიბორისტები არიან და მეორეზეც?
მაინცა და მაინც გუგავა უნდა მოვიდეს?
ანდეთ ერთხელ ეს ქვეყანა, რა გჭირთ ხალხო, არ გრცხვენიათ? ამავე ისტორიულ გამოსვლაში შალვამ მიშას პოლიტპატიმარი უწოდა. აშკარად ჩანს სულიერი ნათესაობა-ორივენი უანგარონი და უვერცხლონი არიან, ისევე, როგორც გიული.
ასეც უნდა დავარქვათ -უვერცხლო მიშა, უანგარო შალვა და ღარიბი გიული. ჰო, მართლა. ბლუმბერგიდან ვივამედისთვის დაურეკავთ და უთხოვიათ, რომ მიშას აწონვის ყოველდღიური მონაცემები მიაწოდონ, რათა ოქროს, სპილენძის, ვერცხლის, ყავის და სხვა საქონლის ფასებთან ერთად გამოაცხადონ-ეს დადებით გავლენას მოახდენს გლობალურ საფონდო ბირჟებზე-აცხადებს თურმე ბლუმბერგი.
ამასობაში, საზოგადოების ნაწილში მიმდინარეობს ცხარე დისკუსიები თემაზე- მივიდნენ თუ არა აქციაზე და რომ მივიდნენ, მოტყუებულნი ხომ არ დარჩებიან.
მართალია არ კონკრეტდება საკითხი-ვინ და რაში უნდა მოატყუოს, მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. მთავარი თვითონ დისკუსიის პროცესი და ლანძღვა -გინების ვნებიანი ინტენსიობაა, აზრს რა მნიშვნელობა აქვს.”- წერს სოსო მანჯავიძე.