დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური და სრულად გასაგები სპეკულაციები უწოდა დავით კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ საკუთარი წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით.
როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ცნობილი BBC-ის გამოძიებამდეც უნდა ყოფილიყო.
„ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“ და ასე შემდეგ. პირველი, დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ BBC ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რით იყო ეს ადამიანი დაკავებული, თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ ეს პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია მისი მხრიდან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.