ალეკო ელისაშვილი – ვერ ვხვდები, რა აჩემებაა რიგგარეშე არჩევნები

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ახლა ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არასერიოზულობაა.

მისივე თქმით, ოპოზიციას ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა ჩვევად ექცა.

„იუმორინა ხომ არ არის ეს ოხერი, იუმორინაში ხომ არ მონაწილეობ და ასეთ რამეს ამბობ. ეს ძალიან არასერიოზულია. როდის უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები? ახლა უკვე აპრილის ბოლოა, ამ გაზაფხულზე ვერ მოესწრება. თეორიულად რომ ვთქვათ, რიგგარეშე არჩევნები შემოდგომაზე თუ დაინიშნა, ერთწლიანი პარლამენტი უნდა გვყავდეს? კონსტიტუციაში გვიწერია, რომ 2024 წლის ოქტომბერში აუცილებლად უნდა ჩატარდეს არჩევნები სრულად პროპორციულად. წარმოგიდგენიათ, ერთწლიანი პარლამენტი რა იქნება? რას შეცვლის ერთწლიანი პარლამენტი? ეს უბრალოდ აურზაური იქნება. ცოტა ხომ უნდა დაფიქრდნენ, სულ ამას ვეუბნებით, ნუ ცანცარებთო. ახლა რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს, იქნება 120/30-ზე პროპორციით, ანუ 30-მანდატიანი უპირატესობა, მაჟორიტარული აპრიორი „ქართულ ოცნებას“ ექნება. რა გარანტიაა, რომ ამ 120-ში აუცილებლად დავამარცხებთ ან მთლიანად, ჯამურად ოპოზიცია მეტს აიღებს. ვერ ვხვდები, რა აჩემება, სიცანცარე და არასერიოზულობაა.

სიების ჩახსნის არ იყოს, ხომ მიხვდნენ, რომ სისულელე ჩაიდინეს. მაშინ ჩვენ გვლანძღავდნენ და გვეუბნებოდნენ, შეკრული ხართ „ქართულ ოცნებასთანო“. სიების ჩახსნის გამო ოპოზიციას 11 მანდატი დააკლდა. ახლა რომ თვლით, ერთმანეთს დავსდევთ სხდომაზე, სუს-ის ოპერმუშაკებივით დავსდევთ ერთმანეთს, 11 მანდატია ასე დაკარგული. ამიტომ დაგვიჯერონ, ნუ ცანცარებენ. ეს არის სიცანცარე და მეტი არაფერი. კარზე მოვიდა 2024 წლის არჩევნები, იმისთვის მოვემზადოთ კარგად, იმისთვის გავიდეთ კოორდინირებულად, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“. ჩვევად ექცათ და ალბათ 2024 წლის სექტემბრის ბოლოსაც იტყვიან, ვადამდელი არჩევნები გვინდაო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.