ილია დარჩიაშვილმა პოლონელი კოლეგა გააცილა

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა. ზბიგნევ რაუ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ქართველმა კოლეგამ, ილია დარჩიაშვილმა გააცილა. მანამდე კი, საქართველოს და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პატივი მიაგეს პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის ხსოვნას და გვირგვინით შეამკეს მისი მემორიალი, – ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ვიზიტით 26-28 აპრილს ეწვია. მან შეხვედრები გამართა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ილია დარჩიაშვილთან.

ზბიგნევ რაუ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. პოლონელი დიპლომატი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიიღო.

ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.