თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ყოფილმა გამომძიებელმა, სერგო შუბითიძემ პროკურატურაში დღეს ჩვენება არ მისცა და მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა.

პოლიციის ყოფილი გამომძიებელი სერგო შუბითიძე პროკურატურაში დაკითხვაზე მისი ინტერვიუს საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში იყო  დაბარებული. მისი ინტერვიუს საფუძველზე გამოძიება მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე დაიწყო.

შუბითიძემ საგამოძიებო უწყება კომენტარის გარეშე დატოვა და მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი უფლებაა მოსამართლის წინაშე დაკითხვა.

სერგო შუბითიძის ადვოკატის, მარიამ მაღრაძის განცხადებით, შუბითიძის ამ პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, ახლა პროკურატურა სასამართლოს მიმართავს. მისივე თქმით, შუბითიძემ რომ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა მოითხოვა, არ ნიშნავს მისი მხრიდან გამოძიებისთვის უნდობლობის გამოცხადებას. დამატებით სხვა დეტალებზე, მათ შორის, რის თქმას აპირებს გამოძიებისთვის შუბითიძე, არც ყოფილი გამომძიებელი და არც მისი ადვოკატი არ საუბრობენ.

სერგო შუბითიძემ მის სატელევიზიო ინტერვიუში თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე საუბრისას მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე გააკეთა განცხადება. როგორც მან აღნიშნა, საქმის გამოძიების პროცესში იყო ჩართული, ვიდრე მის შესწავლას თბილისის პროკურატურა დაიწყებდა.