პარლამენტმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო

სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცული ტერიტორიების საზღვრებში, სახელმწიფო საკუთრებაში ან მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე უკანონოდ მოპოვებული მერქნიანი მცენარეები სსიპ – ეროვნულ სატყეო სააგენტოს, ხოლო აჭარაში – სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს გადაეცემათ.

აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შედის „სახელმწიფო ქონების შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“.

საკანონმდებლო პაკეტის მომზადების მიზეზები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განმარტა, რომელმაც კანონპროექტთა პაკეტი დეპუტატებს პირველი მოსმენით გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შედეგად უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი შეიცვლება, რაც უფლებამოსილ ორგანოებს შესაძლებლობას მისცემს, მერქნიანი მცენარეები ხარისხობრივი და სასაქონლო ღირებულების დაკარგვის გარეშე ოპერატიულად განკარგონ.

დეპუტატებმა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი 81 ხმით, პირველი მოსმენით მიიღეს.