ბუნდესტაგის წევრი კრისტიან პეტრი – ვისურვებდი, რომ რამდენიმე წელიწადში ევროპული ოჯახი გაიზარდოს

მიხარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპულად აზროვნებს და მიისწრაფვის ევროკავშირისკენ, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წარმომადგენელმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრმა, კრისტიან პეტრიმ საქართველოს პარლამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ წარმოვადგენთ გერმანიის ბუნდესტაგს. ხუთი დეპუტატი ვართ ჩამოსული ყველა პარტიიდან, როგორც მმართველი, ისე ოპოზიციური პარტიებიდან, წარმოვადგენთ ევროპის საკითხთა კომიტეტს. ჩვენ შევხვდით კოლეგებს ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტიდან და მოვისმინეთ ის შეფასებები, რომლებიც გვაინტერესებდა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემულ 12 პუნქტთან დაკავშირებით. განვიხილეთ სხვადასხვა კრიტიკული საკითხიც, რაც შეეხება დეპოლარიზაციას, მართლმსაჯულების რეფორმას, საზოგადოებრივ ცხოვრებას. ამ შთაბეჭდილებებით ჩვენ გავემგზავრებით გერმანიაში“, – განაცხადა კრისტიან პეტრიმ.

მისივე თქმით, გერმანიაში ჩასვლის შემდეგ გამართავენ საკომიტეტო დებატებს და შემდგომ რჩევას მისცემენ გერმანიის მთავრობას გადაწყვეტილების მიღების ფაზაში.

„მე პირადად ვისურვებ, რომ რამდენიმე წელში ჩვენი ევროპული ოჯახი კიდევ უფრო გაიზარდოს და იმ ქვეყნებს, რომლებიც ისწრაფვიან ევროპისკენ, მიეცეთ ამის შესაძლებლობა. ძალიან მოხარული ვარ ჩემს კოლეგებთან შეხვედრით, კარგი ინფორმაცია გავცვალეთ. ძალიან მიხარია, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ევროპულად აზროვნებს და მიისწრაფვის ევროკავშირისკენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია გარდა იმ ფაქტორებისა, რასაც წარმოადგენს მთავრობა, ეკონომიკა თუ საზოგადოებრივი ცხოვრება. დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო კოლეგებს შთაბეჭდილების გაზიარებისთვის“, – აღნიშნა კრისტიან პეტრიმ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ფრიდონ ინჯიას მიერ „ლგბტ პროპაგანდის რეგულირებაზე“ კანონპროექტის შესაძლო ინიცირების შესახებ დასმულ კითხვაზე კრისტიან პეტრიმ განაცხადა, რომ თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებისა თუ კუთვნილებისა.

„მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტები პარლამენტში საზოგადოებიდან, მოსახლეობიდან შემოდის. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ საკითხს, ვფიქრობ, ქვეყანა იმით ფასდება, როგორ ექცევა ის მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებისა თუ კუთვნილებისა. ეს უნდა იყოს დისკრიმინაციისა და სასჯელის გარეშე. თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე“, – განაცხადა კრისტიან პეტრიმ.

შეკითხვაზე, გამოხატავს თუ არა გერმანიის ოფიციალურ პოზიციას ვიოლა ფონ კრამონის განცხადება, რომ თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს ხალხის დამსახურება იქნება, კრისტიან პეტრიმ აღნიშნა, რომ ამ პროცესში ყველა უნდა მონაწილეობდეს.

„ამაში უნდა მონაწილეობდეს ყველა. იქნება ეს მოსახლეობა, მთავრობა თუ პარლამენტი. მთავარი ზუსტად ისაა, რომ მოსახლეობას აქვს სურვილი. პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბმისი რეგულაციები, შესაბამისი ნორმები, რათა შეასრულოს ის წინაპირობები და რა თქმა უნდა, როგორც გითხარით, სამივე კომპონენტი მნიშვნელოვანია, როგორც მთავრობა, მოსახლეობა და პარლამენტი. ძალიან იშვიათადაა სიტუაცია, რომ მხოლოდ ერთის დამსახურება იყოს ამ გზაზე წარმატება“, – აღნიშნა კრისტიან პეტრიმ.