გერმანიის ბუნდესთაგის წევრი “ლგბტ პროპაგანდის” შეზღუდვის ინიციატივაზე – თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე

თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე, – ამის შესახებ პარლამენტში ჟურნალისტებთან გერმანიის პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის წევრმა კრისტიან პერმა განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა „ევროპელი სოციალისტების” დეპუტატის ფრიდონ ინჯიას საკანონმდებლო ინიციატივას, “ლგბტ პროპაგანდის” შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ქვეყანა ფასდება იმით, თუ როგორ ექცევა სხვადასხვა ჯგუფებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კანონპროექტები საზოგადოებიდან მოდის და პარლამენტში მოსახლეობიდან შემოდის. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ საკითხს, ვფიქრობ, ქვეყანა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა სხვადასხვა ჯგუფებს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა, ეს უნდა იყოს დისკრიმინაციის გარეშე. თუ ასეთი კანონი მიიღება, ეს იქნება ნამდვილი დაბრკოლება საქართველოს ევროპულ გზაზე,” – განაცხადა კრისტიან პეტრმა.

საქართველოს პარლამენტში გერმანიის ბუნდესთაგის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის დელეგაცია იმყოფება. მათ შეხვედრა უკვე გამართეს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შეხვდნენ ასევე საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს.

შეგახსენებთ “ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი ფრიდონ ინჯია აცხადებს, რომ „უცნობის“ აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, პარლამენტში დაახლოებით, 7 კანონპროექტს შემოიტანს, რომელთა შორის ერთ-ერთი ლგბტ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეეხება.