გია ვოლსკი – ვიოლა ფონ კრამონის განცხადებები არ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს

ვიოლა ფონ კრამონმა თავი იგრძნო პოლიტიკურ ლიდერად და ისეთ განცხადებებს აკეთებს, რაც არათუ არ შეესაბამება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებს იმ ავტორიტეტს, რაც დასავლურ ინსტიტუტებს აქვს საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს კახა კალაძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, არ გამორიცხავს, ვიოლა ფონ კრამონი „მოლოტოვის კოქტეილით“ იხილონ დედაქალაქში.

როგორც ვოლსკი ამბობს, ხალხმა ეს ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გაიგოს.

„ვიოლა ფონ კრამონი აზიანებს დასავლურ ინსტიტუტებს და პრინციპებს, რაც კონსტიტუციაში ავსახეთ. ამას აკეთებს თავისი საქციელით, განცხადებებით. ადამიანებმა ირწმუნეს, რომ საზოგადოებაში რაღაცას წარმოადგენს, ასეთი რწმენა შეუქმნეს. კალაძემ თქვა, არ გაგიკვირდეთ, „მოლოტოვის კოქტეილით“ ვიხილოთო. მის პათოსს თუ გავითვალისწინებთ, რეალობისგან შორს არ არის. ეს ხატოვნად უნდა მიიღოთ და არა – პირდაპირ“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.