საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისია ქოლცენტრების საქმეზე დავით კეზერაშვილის ინტერესებში შედის, რადგან მას საგამოძიებო მასალებზე წვდომა ექნება.
„საერთაშორისო გამოძიება სულ უფრო მეტად უახლოვდება ქოლცენტრების საქმეზე კეზერაშვილის კვალს, როგორც ამ სინდიკატის მთავარი ორგანიზატორის, შესაბამისად, მხოლოდ მის ინტერესშია, რომ საქართველოს პარლამენტში შეიქმნას მსგავსი საგამოძიებო კომისია, ვინაიდან ჰქონდეს წვდომა საგამოძიებო მასალებზე, მტკიცებულებებზე, მოწმეებზე და ფიქრობს, რომ ეს მისცემს მას შესაძლებლობას, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას ამ საქმეზე. საზოგადოებამ ზუსტად უნდა იცოდეს, რომ მათი ეს მცდელობები – რადიკალური ოპოზიციის და გახარიას პარტიის, პირდაპირ ემსახურება ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ კეზერაშვილის უკანონო ინტერესებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.
ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს საპარლამენტო უმრავლესობა არ უჭერს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნით, ოპოზიცია ცდილობს პროცესს გაემიჯნოს და თემა ხელისუფლებას დაუკავშიროს. პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას კი ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა უკვე აქვს.
BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.
ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.