მეთ შლაპი: როდესაც ამერიკა არასწორ გზას ადგას, ასეთ დროს პრობლემებს ვუქმნით სხვა ქვეყნებს და ვურთულებთ ცხოვრებას

როდესაც ამერიკა არასწორ გზას ადგას, ეს ქმნის არა მხოლოდ საშინაო პრობლემებს, არამედ ასეთ დროს პრობლემებს ვუქმნით სხვა ქვეყნებს და ვურთულებთ ცხოვრებას, – ეს განცხადება ბუდაპეშტში მიმდინარე კონფერენციაზე „კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კოალიციის“ თავმჯდომარემ გააკეთა.

მეთ შლაპის თქმით, ამერიკა ვერ იარსებებს რელიგიის, ფუნდამენტური ღირებულებებისა და იმ პრინციპების გარეშე, რომელზეც ეს სახელმწიფო აშენდა.

„აშშ-ში მრავალი გამოწვევის წინაშე ვართ, როგორც ეკონომიკურის, ისე კულტურულის. როდესაც ამერიკა არასწორ გზას ადგას, ეს ქმნის არა მხოლოდ საშინაო პრობლემებს, არამედ ასეთ დროს პრობლემებს ვუქმნით სხვა ქვეყნებს და ვურთულებთ ცხოვრებას. ასეთ დროს აშშ ზრდის ფასებს ენერგორესურსებზე. ცდილობს გასწავლოთ, როგორ აღზარდოთ შვილები. ცდილობს გითხრათ, რომ თქვენი რწმენა მოძველებულია. ეს ყოველივე ხდება ქრთამებითა და მედიის პლატფორმების გამოყენებით. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს გზავნილები არ წარმოადგენს ამერიკელი ხალხის გულსა და სულს. ამერიკელმა ხალხმა კარგად იცის თავისი ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს წვავენ წიგნებს, ანგრევენ ქანდაკებებსა და ჩვენს შვილებს ურეცხავენ ტვინებს პროპაგანდით, ამერიკელ ხალხს კარგად ესმის, თუ რა იყო ღმერთის იდეა ამერიკისთვის. ეს არის ქვეყანა, რომელიც უნდა დაეხმაროს იმ ხალხს, რომელსაც ცივილიზაციის განვითარება სურს. ამერიკელ ხალხს ესმის, რომ ამერიკა წარმატებას მიაღწევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შევინარჩუნებთ რელიგიას, სარწმუნოებასა და იმ პრინციპებს, რომლებიც ამ ქვეყნის დამაარსებლებს ჰქონდათ. უნგრელ ხალხს მინდა ვუთხრა, რომ ამერიკა და მისი ხელმძღვანელობა, კერძოდ, ბაიდენი თავს ესხმის ყოველივე იმას, რისიც თქვენ გწამთ. თუმცა, მინდა იცოდეთ, რომ ჩვენც ამ თავდასხმის ქვეშ ვართ“, – განაცხადა შლაპმა.