უყრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, უყრაინას ესმის, რომ ნატო-ში ომის დასრულებამდე ვერ გაწევრიანდება, თუმცა იმედოვნებს, რომ ვილნიუსის სამიტზე მოკავშირეებისგან ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივის მკაფიო სიგნალს მიიღებს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ნიდერლანდებისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
ზელენსკის თქმით, უყრაინას სურს, ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე პარტნიორებისგან მოისმინოს უფრო მეტი, ვიდრე განცხადებები „ალიანსის ღია კარის“ შესახებ.
„ჩვენ რეალისტები ვართ, გვესმის, რომ ვერ შევალთ ნატო-ში, ვიდრე ომი გრძელდება, თუმცა უკვე ომის დროს ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ მკაფიო სიგნალი იმის შესახებ, რომ ომის შემდეგ ჩვენ ვიქნებით ნატო-ში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უყრაინის ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე საუბრისას, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ აღნიშნა, რომ უყრაინა ევროატლანტიკური ოჯახი ნაწილია და ის გახდება ნატო-ს წევრი.
„რაც შეეხება ნიდერლანდებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ამბიციებს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით. ახლა ვმუშაობთ, რომ ვილნიუსის სამიტზე ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი წინ და არ დავუბრუნდეთ ფორმულირებებს, რომლებიც იყო ბუქარესტის სამიტზე, რომ იყოს მკაფიო ნაბიჯი. რა კონკრეტული ნაბიჯი იქნება ეს, განხილული იქნება მომავალი 4-6 კვირის განმავლობაში“, – აღნიშნა რუტემ.