შალვა პაპუაშვილი – ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, იტალიაში ყველა შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ იტალია მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

მისივე თქმით, შეხვედრებზე ასევე საუბარი იყო პროგრესზე, რომელიც საქართველოს რეკომენდაციების შესრულების პროცესში აქვს.

„დღეს შეხვედრები გვქონდა იტალიის სენატის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროპის საქმეთა მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან. ყველა შეხვედრაზე იყო აბსოლუტური მხარდაჭერა ჩვენი ევროპული მისწრაფებისა და კანდიდატობის სტატუსის მიმართ. მათი მხრიდან ხაზგასმით იყო დადასტურებული, რომ იტალია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. საუბარი გვქონდა პროგრესზე, რომელსაც საქართველომ მიაღწია 12 რეკომენდაციის შესრულების გზაზე. ვფიქრობ, მიმდინარე წლის დეკემბერში გადაწყვეტილების მიღებისას იტალიის მხარდაჭერის იმედი უნდა გვქონდეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.