ქვეყანა დაემსგავსა ჭამისა და მონელების სამყაროს, სადაც უნიტაზი ჩრდილავს სულიერებას

უკრაინის მოვლენებმა, იქ განვითარებულმა პროცესებმა, განსაკუთრებით — 2014 წლის მაიდნის რევოლუციის შემდეგ, ძველი თაობის ადამიანებში, ახალგაზრდობის ზოგიერთ წარმომადგენელში ახალი ძალით ააღორძინა 78 წლის წინანდელი გმირული წარსული, საბჭოთა კავშირისა და ხალხისთვის დიდ სამამულო ომად წოდებული — დანარჩენ მსოფლიოსთვის მეორე მსოფლიო ომად.

78 წლის წინ, 4-წლიანი ომის შედეგად, საბჭოთა ხალხმა დაამარცხა ფაშიზმი და ფაშიზმის ბუნაგში, დედაქალაქ ბერლინში, რაიხსტაგის თავზე წითელი საბჭოური დროშაც აღმართა.

მაშინ, გამარჯვებულ საბჭოთა ხალხს შორის ქართველი ხალხიც იყო, უფრო მეტიც, რაიხსტაგზე საბჭოთა წითელი დროშის აღმმართველი 2 წითელარმიელისგან ერთი ქართველი.

დიდ სამამულო ომში 700000-ზე მეტი ქართველი მონაწილეობდა, რომელთაგან მხოლოდ ნახევარი დაუბრუნდა საქართველოს.

პატარა საბჭოთა რესპუბლიკისთვის, სამშობლოსთვის დაღუპული 300000 მეომარი დიდი ციფრია. ის არათუ ჩამოუვარდება ომში მონაწილე ერთ-ერთი მოკავშირის დანაკარგს — 192000, არამედ აჭარბებს კიდეც, უტოლდება მეორე მოკავშირის დიდი ბრიტანეთისას — დაახლოებით 400000, სხვებზე აღარაფერს ვამბობ, ვინაიდან უპირატესობა, თანაც საგრძნობი, ჩვენს მხარეზეა.

ეს უნდა გვახსოვდეს ყველას — საშუალო და უფროსი ასაკის ადამიანებს. ეს უნდა გაიგოს, შეიგნოს ახალგაზრდა თაობამ — ისტორიისადმი მწყრალად განწყობილმა, წარსულის განქიქების მსურველმა, დასავლური ცხოვრების ბრმა და ყრუ მეხოტბემ, დასავლური პროპაგანდით ტვინგარეცხილმა. შეძლებს ის ამას?

ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა ვერ შეძლებს, ვინაიდან არც სურვილი აქვს და რომც ჰქონდეს, მის ირგვლივ არსებული ვითარება ეწინააღმდეგება ამას.

ოჯახი, სკოლა, უმაღლესი სასწავლებელი, მომხმარებლური ატმოსფერო მსოლოდ დღევანდელი ყოფითი საკითხების მოგვარებისკენ მიაპყრობს ახალგაზრდის ყურადღებას. მომხმარებლურმა განწყობამ, საბჭოთა სისტემის დაშლისთანავე, ძველი ცხოვრების წესი ახლით ჩაანაცვლა, არათუ ჩაანაცვლა, არამედ ამოძირკვა მანამდე არსებული შეხედულებები, თუნდაც სიტყვები „პატრიოტიზმი“, „სამშობლოს სიყვარული“, … მათი ადგილი სხვა სიტყვებმა, სხვა გამოთქმებმა დაიკავეს — პატრიოტიზმთან რომ საერთო არაფერი აქვთ.

ქვეყანა დაემსგავსა ჭამისა და მონელების სამყაროს, სადაც უნიტაზი ჩრდილავს სულიერებას; სადაც შავი უზარმაზარი „ჯიპები“-ს კულტია; სადაც მრავალი სახლის, ბინის ქონა საზოგადოებაში სოციალური სტატუსის უმთავრესი ბარომეტრია.

ასეთ სამყაროში განათლება, ცოდნა სირცხვილის გრძნობის მომგვრელია, პატიოსნება და პატრიოტობა — გმობის საგანი.

ფერიცვალება, რასაც ადგილი ჰქონდა და აქვს ჩვენს სამყაროში, სულ რაღაც 25 წლის განმავლობაში მოხდა — მარტივად, პრიმიტიულად, საღეჭი რეზინებისა და ჯინსების გამოყენებით. ჯინსებზე გაყიდული არასამთავრობო ორგანიზაციების გაჩენით, ამ არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული ქართველების გადაგვარებით და ისეთი „ვიტამინის“ მათზე გამოცდით, ასეთს რომ ათქმევინებს — მე-2 მსოფლიო ომი საბჭოთა კავშირს რომ წაეგო, ბედნიერები ვიქნებოდით, „მერსედესებით“ ვივლიდითო.

ომში დაღუპული 300000 მეომრის შთამომავალი იმ ომში წაგებას ნატრულობს, რომელშიც თავი მისმა პაპებმა გასწირეს. უფრო მეტიც, იმ ომში დამარცხებული ფაშიზმის ამღორძინებლის, უკრაინელი ნეოფაშისტის გვერდში ომობს.

მომხმარებლურმა სულისკვეთებამ სიცოცხლის სურვილსაც სძლია და ისე გამოათაყვანა თანამედროვე ქართველი — ფულის შოვნისთვის, ფაშიზმთან ომის წინააღმდეგ მებრძოლი რუსის ტყვია-ყუმბარას შეაშვერინა თავი.

ტყუილია მტკიცება ქართველი „ბოევიკებისა“, რომ თავს სწირავენ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ცხრა მთას იქით უკრაინაში, მაშინ, როდესაც რუსი ჯარისკაცის დეფიციტი საქართველოში არ შეინიშნება.

თბილისიდან 30 კილომეტრში დაბანაკებული რუსეთის სამხედრო ნაწილი განა ამაზე არ მიანიშნებს?! ჭარბი პატრიოტიზმით შეპყრობილ ქართველ „ბოევიკს“, რუსთან დასატაკებლად შორს წასვლა ხომ არ მოუხდება?!

მაგრამ იქ სხვა ხიბლია, სხვა მაგნიტი — ფულის სახით, ასერიგად რომ იზიდავს „პატრიოტ“ ქართველობას და სიცოცხლის ფასად თავს აწირვინებს ფაშისტური სახელმწიფოსა და ფაშისტი უკრაინელებისთვის.

მე-2 მსოფლიო ომში დაღუპული ქართველი მეომრები, საბჭოთა სამშობლოსთვის შეწირულნი, უხერხულად გადაბრუნდებიან სამარხში, როდესაც გაიგებენ, რომ მათი მემკვიდრეები ფაშიზმის დასაცავად იბრძვიან.

ისინი ორჯერ გადაბრუნდებიან, როდესაც გაიგებენ, რომ საერთაშორისო სარბიელზე, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის ბრძანებით, ფაშიზმის აღორძინების წინააღმდეგ შექმნილ რეზოლუციას მხარს არ უჭერენ, რაც აშკარა დემონსტრაციაა ახალი საქართველოს მენტალური გადაგვარების.

გააბათილებს ამას საქართველოს ხელისუფლების მიერ დიდი სამამულო ომის მონაწილე 114 ვეტერანისთვის სამოწყალოდ გაღებული 1000-1000 ლარი, ფული რომლის მსყიდველობითი უნარი ისეა დაცემული, როგორც უკრაინაში ფაშიზმის გვერდში მეომარი ქართველი „ბოევიკის“ სინდის-ნამუსი?!

დიდ სამამულო ომში გამარჯვება სამხედრო პარადით აღნიშნა რუსეთმა. საქართველომაც აღნიშნა — გახსენებით. გაივლის დრო, არცთუ დიდი და გახსენებასაც აღარ ექნება ადგილი. მას ევროპის დღე ჩაანაცვლებს. ევროპელები ხომ 9 მაისს ევროპის დღეს ზეიმობენ და თქვენ წარმოიდგინეთ გაფაშისტებული უკრაინაც, რომელმაც ამორალური საქციელი უწოდა მოსკოვის წითელ მოედანზე გამართულ სამხედრო პარადზე დამსწრე დსთ-ს ქვეყნების მეთაურებს.

რუსეთის პრეზიდენტის გვერდში იდგნენ ბელორუსიის, ყაზახეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, თურქმენეთის, ყირგიზეთის, სომხეთის მეთაურები — საბჭოთა კავშირის ყოფილი ძმური ოჯახიდან შემორჩენილნი. არ იყვნენ უკრაინის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ბალტიისპირა ყოფილი სამი საბჭოთა რესპუბლიკის, საქართველოს მეთაურები.

ყველას თავისი მიზეზი აქვს. უკრაინას — გაფაშისტებულს და კორუფციის ჭაობში ჩამხრჩვალს, რუსეთთან ომი; მოლდოვას — ანტირუსული ხელისუფლების მეცადინეობით, ლამის მეზობელი უკრაინის გზის გაზიარების სურვილი და რუმინელად გადაქცევის; ბალტიისპირელებს — ვითომ მოლოტოვ-რიბენტროპის ხელშეკრულებით გამოწვეული პერმანენტული უკმაყოფილებით, უწინ დაფარული, ამჯერად საჯაროდ გამომზეურებული ფაშისტური აზროვნებით; აზერბაიჯანს — თურქეთთან ძმობით და მეგობრობით და დსთ-ს წევრობისგან მოშორებით დგომით, თუმცა ეს არ უნდა ყოფილიყო ხელისშემშლელი, ვინაიდან არაწევრი თურქმენეთი ესწრებოდა მოსკოვის ღონისძიებას; და ბოლოს საქართველოს — ობიექტური მიზეზით — 2008 წლის ომის დროს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობებით, სხვა მსხვილმან-წვრილმანი პრობლემებით, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ მათ შორის გამოვყოფდი მთავარს — საქართველოს გადასავლეთელებას, პოლიტიკური ვექტორის შეცვლას, აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

განვლილმა წლებმა ე.წ. დამოუკიდებლობისამ, რომელსაც დაუფიქრებლად შეიძლება ვუწოდოთ დამოკიდებულების, კარდინალურად შეცვალა ქართველთა აზროვნება. ქართველი შვებას და იმედს დასავლეთში ეძებს და არა უწინდებურად ჩრდილოეთში, საკუთარ თავში.

70-წლიანმა საბჭოურმა ცხოვრებამ, რაც საქართველოს ხალხს ასწავლა საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, საკუთარი ბედის გამოჭედვა იყო, პლიუს საკავშირო დახმარება — აუცილებლობის შემთხვევაში.

იხსენებ საბჭოურ წარსულს, იხსენებ აყვავებულ ინდუსტრიულ—აგრარულ საბჭოთა საქართველოს, სამეცნიერო კადრებით, წარმატებული კულტურითა და ხელოვნებით და ფიქრობ, ის საქართველო ჩვენ, ქართველებმა შევქმენით?

არა, მეგობრებო, ის საქართველო საბჭოთა ქართველმა შექმნა, რომელსაც თავისი დიდი საბჭოთა კავშირიც უყვარდა და საქართველოც. უყვარდა სულით, გულით, შეგნებით. სად წავიდნენ ისინი? გადაშენდნენ?

გადააშენეს!!!

იმ ქვეყანამ გადააშენა — აშშ რომ ჰქვია და თავი დემოკრატიის, თავისუფლების, ნათელი აწმყოსა და მომავლის ბურჯად მიაჩნია. რა დემოკრატი და თავისუფლების ბურჯია თანამედროვე ამერიკა შესანიშნავად აღწერა თავის ინტერვიუში ამერიკელმა სენატორმა რობერტ კენედი უმცროსმა. ნაწყვეტები მისი ინტერვიუდან წინა სტატიით გაგაცანით და აღარ გავიმეორებ, უბრალოდ გავიხსენებ მის ერთ გამონათქვამს — აშშ-ს რევოლუცია სჭირდება, შექმნილი ვითარების ძირფესვიანად შესაცველად.

აშშ-ს ხელდასმით ტყუილი ჩანს ყველაფერში, მაგალითად იმაში, რომ ამერიკულმა ანტისარაკეტო სისტემა „პატრიოტმა“ ჩამოაგდო ზებგერითი რუსული რაკეტა „კინჟალი“; რომ უკრაინის ფრონტზე უფრო მეტი რუსი კვდება, ვიდრე უკრაინელი. არადა, სენატორ კენედის მიხედვით, ერთწლიანი ომის შედეგად 300000 უკრაინელია მკვდარი. რუსეთის თავდაცვის მინისტრ შოიგუს განცხადებით, მარტო აპრილში და ისიც ბახმუტთან 12000.

მაგრამ ქართველობას ვაშინგტონისა სჯერა. მას უთხრეს, რომ უნდა სჯეროდეს, ასე მოითხოვს არსებული სიცრუის რიტუალი — დასავლეთის მიერ შემოღებული და ხელში ნაგოგმანები. ჩვენც ვიჯერებთ, ზოგი მოჩვენებით, ზოგიც გულწრფელად და ამ „გულწრფელობას“ ფული განსაზღვრავს.

9 მაისი უდიდესი ზეიმია ჩვენთვის, ყოფილი საბჭოელებისთვის, მაგრამ 30 წლის წინათ დაბადებულთათვის 9 მაისი არაფერია. ისინი სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ და ამ ცხოვრებაში უმთავრესი მოლოდინია. არ გეგონოთ აქ, ამ ქვეყანაში უკეთესი მომავლის მოლოდინი. არა, პატივცემული მკითხველო, იმ დასავლეთში ცხოვრების მოლოდინი.

საქართველო, რკინიგზის სადგურში მატარებლის მომლოდინე ხალხს მაგონებს, რომელსაც მხოლოდ ერთი სურვილი აქვს, ბაქანზე ჩამომდგარ ევროპულ მატარებელს შეახტეს და იქით გასწიოს, უკანმოუხედავად. ანდა, რატომ უნდა მოიხედოს? მხოლოდ იმიტომ, რომ თავისი ტოლი ბიჭ-ბუჭა ხელისუფალთა აღვირახსნილ ცხოვრებას შეხედოს, შავი გზით ფულის კეთებას, თუ მათ მიერ მცირემიწიანი საქართველოს მიწების მითვისებას, სასახლეების აშენებას და ა.შ.

არადა საბჭოური ცხოვრებიდან გამოსულთ რა დიდი იმედი გვქონდა აშშ-ს, დასავლეთის?!

გვქონდა, იმიტომ, რომ არაფერი ვიცოდით მათ შესახებ! სამწუხაროდ, არც დღეს ვიცით და იმიტომ ვეთაყვანებით.

ვიფიქრებდით ოდესმე, რომ ფაშიზმე გამარჯვების 78-წლისთავზე აშშ-ს თეთრი სახლის ლესბოსელი ქალბატონი კარინ ჟან-პიერი, მაღალი ტრიბუნიდან იტყოდა, რომ მე-2 მსოფლიო ომი აშშ-ა მოიგო და მისმა დასავლელმა პარტნიორებმაო?

აშშ-ს ადმინისტრაციამ ფაშიზმზე გამარჯვებაც კი მოჰპარა საბჭოთა კავშირს და ამ კავშირში შემავალ ხალხებს, მათ შორის ქართველებს. ღირს ასეთთან ურთიერთობა?!

წითელ მოედანზე გამართული გამარჯვების პარადი არ არის 1945 წლის პარადის გაგრძელება, ვინაიდან იმჟამინდელი სამხედრო პარადი 9 მაისს არ გამართულა, არამედ მოგვიანებით (24 ივნისს) — გამარჯვების პარადისთვის შესაბამისი საორგანიზაციო მუშაობის განხორცილების შემდეგ და ეს საორგანიზაციო მუშაობა საბჭოთა ბელადმა მარშალ ბერიას მიანდო. მას შემდეგ მოსკოვში, გამარჯვების პარადი არ გამართულა.

სტალინის განკარგულებით, საბჭოეთი დანგრეული ქვეყნის აღდგენას შეუდგა. მას პარადისთვის არ ეცალა. არც საერთაშორისო ვითარება იყო საზეიმო, ვინაიდან ანტიჰიტლერული კოალიციის სამი მოკავშირიდან, ორი, ომის დამთავრებისთანავე, ანტისაბჭოურად იქცა — ომში გამარჯვებული საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად.

ჰიტლერის დამარცხებით საბჭოთა კავშირმა ევროპასა და მსოფლიოს ფაშიზმის უღლისგან თავისუფლება მოუტანა, მაგრამ უმადური ორი მოკავშირის — აშშ-ს და დიდი ბრიტანეთის მხრიდან ახალი მტრობა, განადგურების მუქარა, „ცივი ომი“, ეკონომიკური სანქციები და სხვა არასასიკეთო შედეგები დაიმსახურა.

1945 წლის 9 მაისიდან დაწყებული, დღემდე ანტისაბჭოური, ანტირუსული პოლიტიკა გრძელდება, ახალი მსოფლიო ომის, ამჯერად ბირთვულის გაჩაღების საზღვართან. და არვინ იცის შეგნებული თუ შემთხვევითი ნაბიჯის, უფრო სწორად ღილაკზე თითის დაჭერის შედეგად რამდენ წამში ამოყირავდება მსოფლიო.

გამარჯვების 78-ე წლისთავი ბალტიისპირელებმა გლოვით აღნიშნეს, ამასთანავე იქ მცხოვრები რუსული წარმოშობის ადამიანების დაპატიმრებით, რომლებიც შეეცადნენ პატივი მიეგოთ ბალტიისპირა საბჭოთა რესპუბლიკების ფაშიზმის უღლისგან განთავისუფლებას.

ანალოგიური ისტერიკა მოუწყვეს გადაქანებულმა პოლონელმა რუსოფობებმა, რუსეთის დიპლომატებს, საბჭოთა მეომრების საფლავების გვირგვინებით შემკობისას.

აღარაფერს ვამბობ უკრაინაზე — ფაშიზმის იდეებით გაჟღენთილზე და მოლდოვაზე მე-2 მსოფლიო ომში ჰიტლერული გერმანიის მოკავშირე ანტონესკუს (Ion Victor Antonescu) რუმინეთის თაყვანისმცემელზე.

მოდით დავსვათ კითხვა — არის თუ არა საქართველოს ადგილი ფაშიზმის მოტრფიალე ქვეყნების ან ნეოფაშიზმის ამღორძინებლის, მე-2 მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხების მიმთვისებლის, ე.წ. სტრატეგიული პარტნიორის გვერდში?!

საქართველოს ადგილი იმ ქვეყანასთანაა, რომელიც მიუხედავად ჩვენგან არაერთხელ მიყენებული წყენისა, უკიდეგანო რუსეთში თავისუფალი შესვლისა და გადაადგილების საშუალებას გვაძლევს თავისსავე თვითმფრინავებით კვირაში ყოველ დღეს. საჰაერო კომუნიკაციის აღდგენას უდავოდ მოჰყვება ბიზნესურთიერთობების გაფართოება, ტურიზმის ინტენსიურობის გაზრდა, საქართველოს ბიუჯეტში ახალი შემოსავლების გაჩენა, სხვა სიკეთეები.

დარწმუნებული ვარ, ვერც საქართველოს პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ვერც დასავლელი მისი და არა საქართველოს პარტნიორები თბილისის, ქუთაისის და ბათუმის აეროპორტების საფრენ ბილიკებზე წამოწოლითაც კი ხელს ვერ შეუშლიან საქართველო-რუსეთს შორის კავშირურთიერთობების აღდგენას.

დაე ეს იყოს პირველი ნაბიჯი პოლიტიკური კავშირების და დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე.

დამწუხრებული ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი ახალ ზიზღ-ცოფს გადმოღვრის რუსეთის საგინებლად, გაიხსენებს ყველაფერს ისტორიულს, მეტადრე არარსებულს, გამოგონილსა და უხამსს იმ ქვეყნის გასალანძღად, რომელმაც ფიზიკური გადაშენებისგან გვიხსნა; რომელმაც შეუძლებელი შეძლო დაცემულ-დაჩაჩანაკებული ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად; წერა-კითხვის შესასწავლად, ქართველი ახალგაზრდებისთვის მეფის რუსეთის, შემდეგ საბჭოთა კავშირის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მისაღებად; თბილისის, ამიერკავკასიის ცენტრად გადასაქცევად. რომელი ერთი ჩამოვთვალო?

საქართველო ნაწყენია მეფის რუსეთის, საბჭოთა კავშირის, რუსეთის ფედერაციის „მტრული“ დამოკიდებულების გამო მის მიმართ, მაგრამ იქნებ რუსეთიც არის ნაწყენი იმ უმადურობის გამო, რასაც საქართველო გამოხატავდა მრავალი ათეული წლის განმავლობაში და დღესაც გამოხატავს? იქნებ ჩვენ, ჩვენსავე თავს, ქვეყანას უფრო მეტი უკუღმართობა დავმართეთ, ვიდრე ჩვენს მიერ ამოჩემებულმა მტერმა რუსეთმა დაგვმართა?

ეს კითხვა ხშირად დავუსვათ ჩვენს თავს. პასუხიც გავცეთ თუნდაც არასაჯაროდ, თუმცა უმჯობესი იქნებოდა საქვეყნოდ, ყველას გასაგონად, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რომ ხშირად ჩვენც ვცოდავდით და ვცოდავთ, საკუთარი ქვეყნისა და თავის საზიანოდ!

 

ჰამლეტ ჭიპაშვილი