სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამერიკის ელჩმა რუბენ ბრიჯეტიმ, რომელმაც ქვეყანა რუსეთისთვის შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების მიწოდებაში დაადანაშაულა, ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ „ზღვარი გადალახა“. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
აფრიკული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აშშ-ის ელჩი უწყებაში დაიბარეს და „მტკიცე პროტესტი გამოუცხადეს“. მათივე ცნობით, ელჩმა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებასა და ხალხს ბოდიში მოუხადა.
შეხვედრას თავად რუბენ ბრიჯეტი Twitter-ზე გამოეხმაურა. „მადლობელი ვარ შესაძლებლობისთვის, მესაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ ნალედი პანდორთან, რა დროსაც გამოვასწორე ყველა შესაძლო მცდარი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემს საჯარო განცხადებას მოჰყვა“.
მანამდე პრეტორიაში გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის ელჩმა რუბენ ბრიჯეტიმ განაცხადა, რომ 2022 წლის 6-8 დეკემბერს საიმონსტაუნის პორტში იმყოფებოდა რუსული სატვირთო გემი Lady R, რომელიც დაიტვირთა რუსეთში გასაგზავნი შეიარაღებითა და საბრძოლო მასალით. მან სამხრეთ აფრიკის ხელისუფლება ნეიტრალიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.