წყაროების დადგენა ზოგიერთ შემთხვევაში ვერ ხერხდება

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ინფიცირების წყარო სამ შემთხვევაში ვერ დადგინდა, განუცხადა ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექ ტორმა მარინა ეზუგბაიამ.

ამჟამად COVID–ცენტრებში 244 პაციენტი მკურნალობს.

„ოთხი პციენტის ინფიცირების წყარო გაჩიანია, სამი არის „შემოტანილი“, მათგან ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, კიდევ ერთი დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდანაა, ოთხი პაციენტი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტში მყოფი პირია, ხოლო კიდევ სამი პაციენტის ინფიცირების წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მისი თქმით, ვირუსი არსად მიდის, ამიტომ მონაცემები რომ საგანგაშო არ იყოს, ყველა რეგულაციის დაცვაა საჭირო.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, იქ 40 პაციენტი მკურნალობს კორონავირუსზე.

„დაგვემატა ხუთი ახალი შემთხვევა… ამ ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი გაჩიანს უკავშირდება, ერთი არის „შემოტანილი“ და ერთი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ყველა ახალი კოვიდინფიცირებული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

ბოლო 24 საათში საქართველოში ინფიცირებულების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა – გამოვლინდა 15 ახალი შემთხვევა.

საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსებული ახალი ინფორმაციის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1197-ს მიაღწია.

ამავე პერიოდში კლინიკებიდან გაეწერა 12 პაციენტი, სულ პანდემიის დაწყების დღიდან გამოჯანმრთელდა 974 ადამიანი, გარდაიცვალა – 17.

ბრალდებულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა>>

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7076, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 294 პაციენტია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

“სპუტნიკი”