რუსული ავიაკომპანიის «აზიმუტის» პირველი რეისი, როგორც იცით 19 მაისს შესრულდება. ყოველივე ამას კი დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა თბილისში. მოჟურნალისტო თენგო გოგოტიშვილის მჭევრმეტყველებამ და ღრიალმა მთელი ლიბერალური მედია ააყაყანა, აქაოდა, რუსებმა რა იციან თვითმფრინავების აწყობა და ექსპლუატაცია, ვერ ხედავთ ძრავები მწყობრიდან გამოდის და ყოველდღე უფუჭდებათო.
ეჰ, თენგო, თენგო. ავიაციის დარგში ვინმე სპეციალისტი რომ გეპოვა და გეკითხა ამ მოდელის შესახებ, გიპასუხებდა:
„სუხოი სუპერჯეტ 100“-ის პირველი გაფრენა 2008 წელს შედგა და დღემდე საავიაციაო ისტორიის რეკორდსმენია და იცით, რატომ ? მას ფრენის დროს მწყობრიდან არ გამოსვლია ძრავი. მისი მართვის სისტემა AirBus-ის უახლესი მოდელების და Boeing 777-ის დარია. საჰაერო საჭის (შტურვალი) მაგიერ, ის საისტიკით, იგივე ჯოისტიკი, იმართება…
არ ვიცოდით, გუბაზ სანიკიძე პოლიტიკოსის გარდა, ავიატორიც თუ იყო – სატელევიზო ველად გაიჭრა და ხალხს მოუწოდა, არ იმგზავროთ რუსული წარმოების ხომალდებითო, არასანდოაო. ამხანაგო გუბაზ ! როდესაც მოსკოვებში დაფრინავდი Ту 154 -ით, მაშინ ეგ საქმე როგორ იყო ? ანუ მაშინ იცოდნენ და ახლა არ იციან თუ მიავიწყდათ ავიამრეწველობის საქმე რუსებს ?
«ტრაგიკულად» დასრულდა პარტია «ლელოს» წევრების განცხადებები ფრენის აკრძალვის გარშემო – ამავე პარტიაში მისული (იხილეთ სქრინი) გაიაშვილის “ჯორჯიან ეირვეისი” მოსკოვის მიმართულებით 20 მაისიდან იფრენს …
პირადად, მივესალმები ქართული აეროხაზების გადაწყვეტილებას, რომ ოპერირება შეასრულონ რუსეთის მიმართულებით, მაგრამ აქვე ვისარგებლებ და აღვნიშნავ – რატომ არის ქართული და რუსული კომპანიების ბილეთის ფასი თანაბარი 25 000 რუბლამდე (800 ლარიდან), როდესაც სუხოი სუპერჯეტი საშუალოდ 90-95 მგზავრს იტევს, ხოლო ქართული ბოინგ 737/800 ბორტი 180 მგზავრს?
მიჩნდება დამატებით კითხვა, ივლისის თვეში ქართული კომპანიის ბორტზე ბილეთების ფასი მოსკოვის მიმართულებით რატომ ადის 36 000 რუბლამდე, მაშინ როდესაც აზიმუტის იგივე მიმართულებით რეისზე 21 000 რუბლი ფიქსირდება იმავე პერიოდში?
ქართული აეროხაზების უფროსის თამაზ გაიაშვილის განცხადებაა ყურადსაღები – მოღალატეა ის ადამიანი, ვისაც ქართველი ხალხის წვალება უნდა და ეწინააღდეგება ქვეყნებს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას.
ამ ბოლო დღეებში ქართული მედიის საშუალებით დეზინფორმაციის ტირაჟირება მიდიოდა, აქაოდა, რუსული აეროკომპანიები სანქცირებული არიანო. არადა, ისინი მხოლოდ შავ სიაში არიან შეტანილი ევროკავშირის მიერ ანუ მხოლოდ ევროპაში ფრენა ეკრძალებათ. საქართველოზე ზეწოლის დიდი ტალღა წამოვიდა დასავლეთიდან, თუმცა ჯერ-ჯერობით, ყველაფერი აღშფოთებით და შეშფოთებით დასრულდა მათი მხრიდან. ჯერ-ჯერობით.
აქვე მსურს ვისარგებლო შემთხვევით და რუსული კომპანიის მენეჯმენტს დავუსვა კითხვა – რატომ ღირს იმავე “სუპერჯეტით” მგზავრობის ბილეთი ერევნის მიმართულებით 10 000 რუბლამდე და თბილისის მიმართულებით 25 000 რუბლამდე და პირიქით, მაშინ როდესაც ერევნის საერთაშორისო აეროპორტის მოსაკრებელი 1.8 -ჯერ აღემატება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მოსაკრებელს? და, აქვე, მშვიდობიანი ფრენა მინდა, ვუსურვო მათ ბორტებს ყველა მიმართულებით !
19 მაისს კი „ევროპის წართმევის“ პროცესი აქტიურ ფაზაში შევა. გულდათუთქული ვითომ-პოლიტიკანები გულზე მჯიღის დარტყმით იღრიალებენ და თავზე ნაცარს წაიყრიან, აქაოდა, ქართველობასაც გვართმევენო. წინ მათ ლяკა ხოშტარია გაუძღვება და ამით დასრულდება ეს ისტორიული დღეც …
გუშინ დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსული აეროკომპანია Red Wings-ს სურს საქართველოს მიმართულებით კვირაში 35 რეისის შესრულება რუსეთის ფედერაციის სამი ქალაქიდან, რაც მისასალმებელია.
და სანამ 19 მაისს სუპერჯეტი ევროპის წართმევის პროცესში ჩაერთვება, ცნობილი ხდება, რომ მოსტრატეგიულო აშშ-ს საკონსულომ თბილისში ქვეყანაში შესასვლელი ვიზები არ გასცა ბავშვთა ფოკლორულ ანსამბლ ,,მმართვეზე,, რომელთაც ამერიკული ტურნე ქონდათ დაგეგმილი. არ მინდა ვიფიქრო, რომ დამთხვევაა …
ბექა კვიციანი
(ვოლგოგრადი)
P.s. რუსულმა კომპანიამ 18 000 რუბლამდე, ანუ 600 ლარამდე ჩამოწია ბილეთის ფასი … იმედია, არა მარტო შენარჩუნდება ასეთი ფასი, არამედ ქართული ხაზებიც დააგდებენ ფასებს.