აჭარის რეალური პატრონი გალიფ ოზთურქი საქართველოს თურქეთის და აზერბაიჯანის გარეშე არ განიხილავს

აჭარაში უმსხვილესი ინვესტორი, METRO HOLDING-ის მეპატრონე თურქი გალიფ ოზთურქი, საქართველოს თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ დანამატად განიხილავს. გასაკვირი არც არის, ოზთურქი ის ბიზნესმენია, რომელიც თურქეთის “რბილ ძალას” ახორციელებს საქართველოში.

ოზთურქმა შეისყიდა ბათუმის ისტორიული შენობები, მათ შორის, სასტუმრო “ინტურისტი”. ოზთურქისვე ფინანსური დახმარებით, გამყიდველმა ხელისუფლებამ თურქეთის საკონსულო ბულვარში გადმოიტანა, “ინტურისტის” გვერდით. ახლა ყველა ტურისტი ბათუმის ყველაზე პოპულარულ ადგილზე თურქეთის დროშას უყურებს.

რაც შეეხება ოზთურქის ექსპანსიონისტურ გეგმებს, მან ამის შესახებ “ფორბსის” ქართულენოვან ვერსიასთან ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ამ ინტერვიუდან ამონარიდებს:

“მიმყოლია ქართველი ხალხი, ეს პანდემიის პერიოდშიც კარგად გამოჩნდა”. ..

“აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს – ამ სამი ქვეყნის ურთიერთობას – საერთო ჭრილში განვიხილავ. საქართველოს ევროპული მართვის საბაჟო სისტემა აქვს. წარმოების კუთხით თურქული წარმოების საქართველოში გადმოტანა შეიძლება. თურქეთიდან შემოსულ ინვესტორებს ვუხსნი, ჩინეთსა და საქართველოში წარმოებას შორის და თურქეთსა და საქართველოში წარმოებას შორის განსხვავებებს და ამ მხრივ საქართველოს პლუსებს ვაჩვენებ. მე ვურჩევ ინვესტორებს, საქართველოზე შეაჩერონ არჩევანი, უფრო ხელსაყრელია. საქართველოს მთავრობის პოლიტიკაც ამ მხრივ ღიაა, ძალიან კარგად მუშაობს პროექტის „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო მიმართულება. ახალგაზრდა, დინამიკის მქონე საქართველოს ვხედავ მომავალში. თითქმის ყველა საერთაშორისო ინდექსში, თურქეთთან შედარებით, ძალიან კარგ პოზიციაზე ვართ, მაგრამ ნამცხვრისგან იმ წილს ვერ ვიღებთ, რაც უნდა მივიღოთ”.

“ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. საქართველოს მოქალაქეობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივია. ადრე ვამბობდი, რომ საქართველო კავკასიის შვეიცარიაა, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ შვეიცარიაზე უფრო მეტი შანსი გვაქვს. ჩვენ მეზობელი ქვეყნები ვართ, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები ჰგავს ერთმანეთს. საქართველო არის აღმოსავლეთის დასავლეთი. ხოლო თუ შავ ზღვას წარმოვიდგენთ, როგორც ბეჭედს, საქართველო არის ბეჭდის თვალი. საბერძნეთში, ბულგარეთში, ასევე გერმანიაში მცირე ინვესტიციები გვაქვს, თუმცა აქ ვცხოვრობ, საქართველო მიყვარს. ვფიქრობ, რომ ბევრი გამოცდილების გაზიარება შემიძლია. ადრე მეზობელ ქვეყანაში ვიყავი, ახლა ჩემს ქვეყანაში ვარ, მოქალაქეობა მივიღე. ქართულ დროშებს სიამაყით ვაფრიალებ”.

“სამხედრო გადატრიალების მცდელობა ვისაც ჰქონდა, მათთან მაქვს პრობლემა. თურქეთის მთავრობასთან არანაირი პრობლემა არ მაქვს. ერთი მსოფლმხედველობა და ერთი მიმართულება გვაქვს. წარსულზე არ ვფიქრობ, უფრო მომავალზე ვარ ორიენტირებული. შრომის გარდა არაფერი მაინტერესებს”.

“40-ზე მეტი სკოლა მაქვს ალბათ უკვე აშენებული. საქართველოში მიზნად მქონდა, გამეხსნა ტურისტული პროფესიული სასწავლებელი, რომელიც უნდა ყოფილიყო. მინდოდა, რომ ამ სკოლის აშენებით ტურიზმისთვის დამეჭირა მხარი. თუმცა შემდეგ სტატუსის პრობლემა შეიქმნა, რომელიც დღემდე არაა მოგვარებული და ეს ძალიან მაწუხებს. შესაბამისად, ქართველ მოსწავლეებს ვერ იღებს. ეს იყო საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით აშენებული სკოლა. ახლა იქ 350 თურქი მოსწავლე სწავლობს. თურქეთისა და საქართველოს განათლების სამინისტრო უნდა შეთანხმდნენ მის სტატუსზე. თურქული ოჯახებისთვისაც არის ამის საჭიროება, მაგრამ მე ამ სკოლას უფრო ვხედავდი ტურიზმის მიმართულებით სასწავლო დაწესებულებას. ვაპირებდით თურქეთიდან ამ სფეროში გამოცდილი ადამიანების ჩამოყვანას. ჩვენ ახლა ოპერირებას მას არ ვუწევთ. ახლა თურქეთის საელჩო კურირებს ოპერირების საკითხს. იმედია, მალე მოაგვარებენ ამ პრობლემას”.