2011 წელს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობდა, ამბობდა, რომ რუსეთთან არაფერი აქვს საწინააღმდეგო, სავაჭრო ურთიერთობების გაზრდით ამაყობდა, დღეს კი, თურმე „აჟრიალებს“ მას და მის თანაგუნდელებს ყველაფერ რუსულზე, ეს ფარისევლობაა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ელენე ხოშტარიაზე საუბრისას განაცხადა.
„ორმაგი სტანდარტის კლასიკური გამოვლინება რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტის მიერ. 2011 წლის ვიდეო, რომელიც გავრცელდა ინტერნეტ სივრცეში ამის კიდევ ერთი გამოვლინებაა. ეს ადამიანი, რომელმაც ისწავლა, მისი თქმით, მტრის ბანაკში და მხოლოდ იმიტომ იყო, რომ მტრის საქმიანობასა და მეთოდებს გასცნობოდა, ამასობაში ამოუვარდა ვიდეო, რომ თურმე 2011 წელს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებაზე საუბრობდა, რომ რუსეთთან არაფერი აქვს საწინააღმდეგო, სავაჭრო ურთიერთობები კიდევ გაზრდილია, ამით ამაყობდა. დღეს კი, თურმე „აჟრიალებს“ მას და მის თანაგუნდელებს ყველაფერ რუსულზე. ეს არის ფარისევლობა, ტყუილი, რომელ ტყუილშიც ცდილობენ გვაცხოვრონ“,-აღნიშნა მდინარაძემ.
არქივიდან სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ელენე ხოშტარია რუს ტურისტებზე საუბრობს. კერძოდ, 2011 წლით დათარიღებულ ვიდეოში ხოშტარია რუს ტურისტებსა და რუსეთ-საქართველოს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე საუბრობს.