თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქემალ კილიჩდაროღლუ ქვეყნიდან ყველა უკანონოდ მყოფი მიგრანტის და ლტოლვილის გაშვების პირობას დებს. თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საზღვრების დაუცველობაში დაადანაშაულა.
ქემალ კილიჩდაროღლუს განცხადებით, არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, ერთი დოლარი 30 ლირა გახდება.
„ეს სამშობლო ქუჩაში არ გვიპოვია. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს სამშობლოს ამ მენტალიტეტის ქვეშ, რომელმაც 10 მილიონ არალეგალ მიგრანტს ჩვენ შორის შემოსვლის საშუალება მისცა. ყველა ლტოლვილს გავაგზავნი სახლში“, – აღნიშნა ქემალ კილიჩდაროღლუმ.
დასავლური მედია წერს, რომ თურქეთის პრეზიდენტობის კანდიდატის მკაცრი რიტორიკა შესაძლოა, არჩევნების პირველ ტურში მონაწილე კიდევ ერთი კანდიდატის, სინან ოღანის მხარდამჭერების გადაბირებას ისახავს მიზნად, რომლის მთავარი გზავნილი ამომრჩევლებისთვის იყო, რომ უკან გაგზავნიდა მიგრანტებს, მათ შორის 3.6 მილიონ სირიელს.