ირაკლი კობახიძე – თამაშია, რომ სააკაშვილი შეიძლება, დაბრუნდეს პოლიტიკაში, საიდანაც სინამდვილეში, არასოდეს წასულა

ჩაიხურა ყალბი კამპანია, რომელიც სააკაშვილის მიერ მის გასათავისუფლებლად წარმოებდა. მარტივი გეგმა იყო, რაც ჩაიშალა სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ. ახლა უნდა გადავიდნენ გეგმა „ბე“-ზე, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სააკაშვილი შეიძლება, დაბრუნდეს პოლიტიკაში, საიდანაც სინამდვილეში არასოდეს წასულა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის შეფასებით, სააკაშვილის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, ვერაფერს შეცვლის.

„ის დღემდე რჩებოდა რადიკალური ოპოზიციის არაფორმალურ ლიდერად. აქედან გამომდინარე, ეს ყველაფერი თამაშებია. რაც უფრო მეტი კრიმინალი იქნება რადიკალური ოპოზიციის სათავეში, მით უკეთესია, რადგან საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავს რადიკალური ოპოზიციის მანკიერ სახეს. ამ ყველაფრით არსებითად ვერაფერი შეიცვლება. ვიღაცებს იმედი ჰქონდათ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება მნიშვნელოვან ძვრას გამოიწვევდა, მათ ჰგონიათ, რომ მას დღემდე აქვს შემორჩენილი ქარიზმა და გავლენა ქართულ პოლიტიკასა და ქართულ საზოგადოებაში. სინამდვილეში საზოგადოებამ კარგად დაინახა და შეისწავლა სააკაშვილის ბუნება და კარგად იცის, რომ ის არის ერთი ჩვეულებრივი რიგითი კრიმინალი. აქედან გამომდინარე, მისი ფორმალური, არაფორმალური თუ ისეთი და ასეთი შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რა თქმა უნდა, ვერაფერს შეცვლის“, – განაცხადა კობახიძემ.