აპრილში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 2320-ჯერ გაიზარდა, ხოლო იმპორტი თითქმის განულდა

2023 წლის აპრილში საქართველოდან ელექტროენერგიის ადგილობრივი ექსპორტი მკვეთრად გაიზარდა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აპრილში ექსპორტმა 12.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, დაახლოებით, 2,320-ჯერ აღემატება. 2022 წლის აპრილში ქვეყნიდან მხოლოდ 5.26 ათასი აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მიმდინარე წლის მარტში ექსპორტი არ ფიქსირდება, შესაბამისად, ამ თვესთან შედარება შეუძლებელია, თუმცა ექსპორტი წლევანდელ თებერვალთან შედარებითაც, დაახლოებით, 130-ჯერაა გაზრდილი.

ექსპორტის ამგვარი ზრდის ფონზე, მცირდება ელექტროენერგიის იმპორტი და 2023 წლის აპრილში მინიმალურთან მიახლოებულ 4.26 ათას აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე, 4.3 მლნ აშშ დოლარს მნიშვნელოვნად ჩამორჩება.

აღსანიშნია, რომ მიმდინარე წლის 4 თვეში იმპორტმა, საერთო ჯამში, 766.6 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, გასული წლის 4 თვეში კი ამ მაჩვენებელმა 34 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმპორტის კლება და ექსპორტის ზრდა იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანა შიდა მოთხოვნას საკუთარი გამომუშავებით აკმაყოფილებს, ჭარბ ენერგიას კი საზღვრებს გარეთ ყიდის.