პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ბაქოში, ეუთოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა მიღწევებზე ისაუბრა და თქვა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მუშაობს. მან ასევე ბაქო-თბილისი-ყარსსა და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„შავ ზღვაზე გასასვლელი რეგიონული ტრანზიტისა და ლოჯისტიკური ჰაბის კუთხით საქართველოს დამატებით როლი ეკისრება. ამიტომ ჩვენ ვაუმჯობესებთ სატრანსპორტო სისტემას, ინფრასტრუქტურას და ვქმნით კონკურენტუნარიან სატრანსპორტო გზებს. ჩვენი უკანასკნელი წარმატებაა საქართველოს პორტებში – ფოთსა და ბათუმში ახალი ტერმინალების გახსნა და, რა თქმა უნდა, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზი. ეს ევროპა-აზიის სატრანსპორტო კორიდორის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც პირდაპირ აკავშირებს თურქეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს.
დამატებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოსთვის პრიორიტეტულ პროექტებს შორის არის, რათა გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა. ასევე ევროპულ ბაზარზე ელექტრომომარაგების ქსელის გაფართოების აქტიური მხარდამჭერები ვართ. ამ კუთხით ვგეგმავთ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც საქართველოს რუმინეთთან დააკავშირებს. ეს პროექტი ევროპის ენერგოუსაფრთხოებას უზრუნველყოფს. გასულ წელს საქართველომ აზერბაიჯანთან, უნგრეთთან და რუმინეთთან ერთად მწვანე ენერგიის განვითარებასთან დაკავშირებით სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ხელი მოაწერა“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.