დავით გარეჯში ვითომ არაფერი მომხდარა…

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ერთ ნაწილთან დაკავშირებული გაურკვეველი ვითარების ფონზე, რაც ალიევ-გახარიას შეხვედრის შემდგომაც ძალაში რჩება, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროები ჰარმონიულად თანამშრომლობენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო თავის ვებგვერდზე იუწყება, რომ 11 ოქტომბერს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროების დელეგაციებს შორის გაიმართა მორიგი საკონსულო კონსულტაციები. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ტაბატაძე, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაციას, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორი, ფაიგ ბაგიროვი.


შეხვედრის ფარგლებში განიხილეს „საკონსულო ურთიერთობების შესახებ“ ვენის კონვენციის შესრულების მდგომარეობა, ორ მხარეს შორის საკონსულო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის საკითხები ორი ქვეყნის სამართალდამცავ და იუსტიციის ორგანოებს შორის.

განსაკუთრებული მნიშვნელობით აღინიშნა თანამშრომლობა მიგრაციულ საკითხებში, მოქალაქეთათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენა სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებში. მხარეებმა განიხილეს მიმდინარე ორმხრივი ხელშეკრულებები და პროექტები განათლებისა და საზღვრის დაცვის სფეროში. ასევე, მჭიდრო თანამშრომლობა  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა არალეგალური გადაადგილების აღკვეთისა და სეპარატისტული მთავრობების მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარების  კუთხით.

მხარეები შეთანხმდნენ, საკონსულო სფეროში ყოველწლიური შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობაზე,  ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.